პირველ ადგილზე გასული პარტია ”ბონუსის” გამოყენებით შევსებას მხოლოდ 89 მანდატამდე შეძლებს - ზედა ჩამკეტი არის 89 მანდატი

პირველ ადგილზე გასული პარტია ”ბონუსის” გამოყენებით შევსებას მხოლოდ 89 მანდატამდე შეძლებს - ზედა ჩამკეტი არის 89 მანდატი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ე.წ. გადაუნაწილებელ მანდატებზე ზღვარის დაწესების წესზე განმარტებას აკეთებს.

მისი განცხადებით, პროპორციული არჩევნების მოდელში “ბონუსის” პრინციპი ერთიანობაში სამ წესს მოიცავს.

”პირველი, ეს არის აბსოლუტური ზედა ზღვარი, როცა პირველ ადგილზე გასული პარტია ”ბონუსის” გამოყენებით შევსებას მხოლოდ 89 მანდატამდე შეძლებს. ზედა ჩამკეტი არის 89 მანდატი. მეორე არის ფარდობითი ზღვარი: - პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსად ვერ აიღებს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35%-ზე მეტს. დანარჩენი გადაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება. მესამეა აბსოლუტური ქვედა ზღვარი: - თუკი პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსით ვერ აგროვებს უბრალო უმრავლესობას, ანუ 75 მანდატზე მეტს, ის ბონუსს ვერ მიიღებს და გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად განაწილდება”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” არჩილ თალაკვაძემ.

პარტიის მიერ მიღებული გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35%-ს, - ასეთი იქნება გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებული ის ე.წ. ჭერი, რომლის ასახვაც საქართველოს კონსტიტუციაში იგეგმება.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით შეთავაზებულია მანდატების განაწილების ასეთი წესი და ფორმულა: - პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

პარტიის მიერ მიღებული გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35 პროცენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ძირითადი მანდატების 35 პროცენტზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა. გაუნაწილებელი მანდატები, რომელიც არ ნაწილდება ამ პარტიაზე, პროპორციულად განაწილდება სხვა პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. თუ პარტია ძირითადი მანდატების 35 პროცენტზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა, ყველა გაუნაწილებელი მანდატი პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო.

ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით პარტია ვერ მიიღებს 89 მანდატზე მეტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის 89 მანდატზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა. 90-ე და ყველა შემდეგი გაუნაწილებელი მანდატი, რომელსაც ვერ მიიღებს შესაბამისი პარტია, პროპორციულად განაწილდება სხვა პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. თუ პარტია 89 მანდატზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა, ყველა გაუნაწილებელი მანდატი პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო.

თუ ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით პარტია ვერ მიიღებს 75 მანდატზე მეტს, ყველა გაუნაწილებელი მანდატი პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო.