ქართული პოლიტიკა დავით უსუფაშვილის გარეშე არის უფრო დაზარალებული სივრცე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ „შენების მოძრაობის“ დაარსების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
სოსო ცისკარიშვილის განმარტებით, პირადად მისთვის და „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ უმრავლესობისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ის გეგმა, რომელზეც დავით უსუფაშვილი საუბრობს.
„მასთან რამდენიმე შეხვედრის საშუალება გვქონდა როგორც უკვე პოპულარულ ექსპერტებს, ასევე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, რომელთა უმრავლესობაც დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. რასაკვირველია, ქართული პოლიტიკა დავით უსუფაშვილის გარეშე ეს არის უფრო დაზარალებული სივრცე, რადგან ის ინტელექტი, ის გამოცდილება, ის აკადემიზმი, რომელიც ყოველთვის გამოარჩევდა ბატონ უსუფაშვილს წლების განმავლობაში და რომელიც აღიარებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოლიტიკურ სივრცეშიც, მიგვანიშნებს იმაზე, რომ დიახ, ბოლოსდაბოლოს უნდა ვიფიქროთ შენებაზე და დავივიწყოთ ის დრო, როდესაც ხელისუფლებები იცვლებოდა წინამორბედის მიუღებელი ქმედებების საფუძველზე“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადონ ახალ მოძრაობას, სურთ, რომ იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში, „მითუმეტეს, ისეთში, რომელიც საკუთარი ფასეულობების სიაში პირველ ადგილს აღარ მიუჩენს „ფასეულობას“, რომელსაც ფული ჰქვია“.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და საინიციატივო ჯგუფის წევრთა ერთმა ნაწილმა "შენების მოძრაობის" პრეზენტაცია გამართა.
პოლიტიკური მოძრაობის ინიციატორთა შორის არიან სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, ახალი თაობის ქართველი ბიზნესმენები. ღონისძიებაზე სადამფუძნებლო პრინციპების პრეზენტაციაც გაიმართა.