„ევროპული საქართველო“ აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საჭიროა დროული და მიუკერძოებული გამოძიება ჩატარდეს.

როგორც კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ,,ევროპული საქართველო“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამოძიებასთან დაკავშირები პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. 

"აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით "ევროპული საქართველო" ევროპარლამენტის შეშფოთებას უერთდება. პარლამენტში სუს-ის უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი დავიბარეთ, მაგრამ არ გამოცხადდნენ. როგორც ჩანს, მათ ჩვენს კითხვებზე პასუხები არ აქვთ. ამ საქმეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება დროულად და სწრაფად სჭირდება. ამიტომ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ვაყენებთ, სადაც ეფექტურად მოხდება ამ საქმის გამოძიება, რადგან მტკიცების ტვირთი საქართველოს სახელმწიფოზეა. ამავდროულად, ევროპარლამენტის მხრიდან დამნაშავეების დასჯაა მოთხოვნილი და არანაირი ნდობა არ არსებობს იმ უწყებების მიმართ, რომლებიც აღნიშნულ გატაცემაში პირდაპირი ეჭვმიტანილები არიან. უმრავლესობას მოვუწოდებ, არ გახდნენ თავგასული ძალოვნების მძევლები და საქართველოს რეპუტაციას და იმიჯს გაუფრთხილდნენ და ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. აღნიშნულ საქმეზე სიტყვით 20-მდე ევროპარლამენტარი გამოვიდა. მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს.