ევროპარლამენტმა თქვა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება და პრემიერი ამბობს, მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს

ევროპარლამენტმა თქვა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება და პრემიერი ამბობს, მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. სესიაშვილის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება უნდა ჩატარდეს რათა საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს რეალურად რა მოხდა.

"საერთო ინტერესი გვაქვს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, რომელიც უნდა იყოს ობიექტური რეალობა თავისი დამაჯერებლობით. ამ შემთხვევაში, ევროპარლამენტმა თქვა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ამბობს. ამ საქმესთან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს და საერთაშორისო საზოგადოებას ვუთხრათ, რეალურად რა მოხდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი შემხებლობა არ აქვთ. რაც მოხდა, ცუდია და ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაზიანდა. ეს ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და ყველამ გაიგოს, რა მოხდა, შესაბამისად, შემდგომი რეაგირება მოვახდინოთ", - განაცხადა სესიაშვილმა.