ვერ გავიგე, არასასოფლო-სამეურნეო მიწა დედასამშობლო არ არის?! - მაგ ნაწილს რატომ ყიდით ან დედასამშობლოს იჯარით გაცემა შეიძლება?!

ვერ გავიგე, არასასოფლო-სამეურნეო მიწა დედასამშობლო არ არის?! - მაგ ნაწილს რატომ ყიდით ან დედასამშობლოს იჯარით გაცემა შეიძლება?!

არ გინდათ ცალკე სატელიტები - ნაციონალისტ - პატრიოტ - სოციალისტ - კომუნისტები - გაერთიანდით და სლოგანი გქონდეთ ესეთი: სიბნელე, უვიცობა, ფარისევლობა - ეს შეგეფერებათ თქვენ, - აღნიშნული განცხადებით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიგა ბოკერიამ უმრავლესობას სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას განუცხადა.

”დისკუსიის დროს დარბაზში მესმოდა შეძახილები აქეთა და იქეთა ფლანგიდან, რომელიც პრინციპში ერთი ფლანგია, რომ სამშობლოს გაყიდვა არ შეიძლება და მიწის გაყიდვა დედასამშობლოს გაყიდვაა. მინდა გკითხოთ, ვერ გავიგე, არასასოფლო სამურნეო მიწა დედასამშობლო არ არის?! მაგ ნაწილს რატომ ყიდით, დედასამშობლოსი არ არის?! დედასამშობლოს იჯარით გაცემა შეიძლება?! რატომ არის დედასამშობლოს ოჯარით გაცემა კარგი?! იქნებ ამიხსნას უმრავლესობის წარმომადგენლმა! ორგანულ კანონში გამონაკლისებს რომ აწესებთ ეგ რას ნიშნავს?! სამშობლოს გამონაკლისს შემთხვევაში გაყიდვა კარგია?! ექსკლუზივი გინდათ თქვენ სამშობლოს ღალატზე?! ეს გინდათ ხომ?! მე გეტყვით მარტო ერთ რამეს, შემდეგ არჩევნებზე თქვენ ერთად, ერთ ბლოკად გამოდით - აღარ გინდათ ცალკე სატელიტები - ნაციონალისტ-პატრიოტ-სოციალისტ-კომუნისტები და სლოგანი გქონდეთ ესეთი: სიბნელე, უვიცობა, ფარისევლობა - აი, ეს შეგეფერებათ თქვენ”, - განაცხადა ”ქართული ოცნების” მისამართით გიგა ბოკერიამ.

პარლამენტში გრძელდება პირველი მოსმენით კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა, რომლითაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მორატორიუმი ცხადდება. პროექტის ავტორი და ინიციატორია “ქართული ოცნების“ 40-დეპუტატი.

პროექტის გათვალისწინებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ჩერდება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს.

თავის მხრივ, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს ანიჭებს და მოითხოვს მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით. ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი, თუმცა იგი შესაძლებელს გახდის საკითხის განსაკუთრებულ რეგლამენტაციას მიწის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე.

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.