განა გული გტკივათ მიწაზე და მართლა რაღაც სენტიმენტები გაგაჩნიათ - თქვენ უბრალოდ პოპულისტობთ, ეს არის და ეს

განა გული გტკივათ მიწაზე და მართლა რაღაც სენტიმენტები გაგაჩნიათ - თქვენ უბრალოდ პოპულისტობთ, ეს არის და ეს

განა გული გტკივათ მიწაზე და მართლა რაღაც სენტიმენტები გაგაჩნიათ - თქვენ უბრალოდ პოპულისტობთ, ეს არის და ეს, - ამ განცხადებით პარლამენტის ვიცე სპიკერმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ”ქართული ოცნების” დეპუტატებს მიმართა.

კაპანაძე დაინტერესდა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილები საერთოდ ვერ გავა, მათ შორის ვერც მიწებთან დაკავშირებით.

“ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო - ერთი მხრივ, ქსენოფობიურ-შოვინისტური ფლანგიდან, მეორე მხრივ, ნეომარქისტული-სოციალიზმის ფლანგიდან. მე მგონი, მარტო საქართველოში ახერხებს ეს ორი ფლანგი საერთო პოზიციაზე იყოს და ლიბერალებად რომ მოაქვთ თავი, იმ გუნდათ ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებას. ჩვენ განვიხილავთ მორატორიუმის საკითხს, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ არის კონსტიტუციური. თქვენ ისევ იღებთ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას. ერთხელ საკონსტიტუციო სასამართლომ აგიკრძალათ, გააჩერა და ეხლა შემიოტანეთ თავიდან, გვერდის ავლით. ეს არის მარტო პოპულისტური მიზნებისთვის გაკეთებული. კონსტიტუციის მიღებამდე იღებთ მორატორიუმს და თუ ვერ მივიღეთ ეს კანონი, მაშინ რა ხდება?! ხომ შეიძლება ჩავარდეს?! თქვენ პოპულისტობთ იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ გინდათ დისკუსია გადაიტანოთ სხვა საკითხებზე - კონსტიტუციის ფარგლებში რაც გაქვთ პრობლემები ”საარჩევნო კოდექსის” და სხვა თემების ირგვლივ და გინდათ ამ თემით გადაფაროთ. მოდით მთავარი კითხვა დავსვთ, თუ ასეთი დიდი საფრთხე ემუქრება ქართულ მიწას, როგორც თქვენ ამბობთ, იქნებ აღგვიწეროთ, რა საფრთხე არის და საიდან მოდის? არც ერთი ციფრი არ გითქვამთ, რომელიც მართლაც ამ საფრთხეს აჩვენებდა”, - განაცხადა კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტში გრძელდება პირველი მოსმენით კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა, რომლითაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მორატორიუმი ცხადდება. პროექტის ავტორი და ინიციატორია “ქართული ოცნების“ 40 დეპუტატი.

პროექტის გათვალისწინებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ჩერდება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს.

თავის მხრივ, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს ანიჭებს და მოითხოვს მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით. ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი, თუმცა იგი შესაძლებელს გახდის საკითხის განსაკუთრებულ რეგლამენტაციას მიწის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე.

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.