პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სწორად აღნიშნა, რომ ეს საკითხი არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, არამედ საუბარია საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვაზეც, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ჰაიდი ჰაუტალამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ.
როგოც მან აღნიშნა, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა.
„საქმე ეხება ევროკავშირის პარტნიორობის ორ წევრს - საქართველოსა და აზერბაიჯანს. საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სწორად აღნიშნა, რომ ეს საკითხი არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, არამედ საუბარია საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვაზეც. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, ჩატარდეს სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება, ხოლო მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი“, - განაცხადა ჰაიდი ჰაუტალამ.
ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობს. აღნიშნული თემის განხილვა ევროპარლამენტში ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტსაც უყრის კენჭს, თუმცა იქამდე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების თემაზე ევროპარლამენტის 17 წევრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.
რაც შეეხება უშუალოდ რეზოლუციას, პროექტის სახელწოდებაა „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ და მასში „ევროპარლამენტი გამოთქვამს სერიოზულ აღშფოთებას აფგან მუხთარლის საქართველოში შესაძლო გატაცებასთან და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით“ და აღნიშნულს „საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად“ მიიჩნევს.