ევროპარლამენტის წევრთა ნაწილი აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლიციის კენჭისყრის გადადებას ითხოვს

ევროპარლამენტის წევრთა ნაწილი აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლიციის კენჭისყრის გადადებას ითხოვს

ევროპარლამენტის წევრთა ნაწილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლიციის პროექტის კენჭისყრის გადადებას ითხოვს.

შესაბამისი მოთხოვნა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნორიკა ნიკოლაიმ დააყენა.

მისი თქმით, რეზოლუციის პროექტის კენჭისყრა იქამდე უნდა გადაიდოს, ვიდრე საქმეს „ნათელი არ მოეფინება“.

„როგორც ცნობილია, ამ საქმეზე აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც ტარდება გამოძიება. დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ აზერბაიჯანი ადამიანის უფლებების დაცვით არ გამოირჩევა, მაგრამ სანამ ბრალდებებს წამოვაყენებთ, უნდა ნათელი მოვფინოთ სიტუაციას, უნდა გავერკვეთ მასში, თორემ ამ ბრალდებებით სიტუაციას ვძაბავთ. ამიტომაც მოვითხოვ, რომ რეზოლუციის პროექტის კენჭისყრა გადაიდოს“, - განაცხადა ნორიკა ნიკოლაიმ.

ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობს. აღნიშნული თემის განხილვა ევროპარლამენტში ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტსაც უყრის კენჭს, თუმცა იქამდე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების თემაზე ევროპარლამენტის 17 წევრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

რაც შეეხება უშუალოდ რეზოლუციას, პროექტის სახელწოდებაა „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ და მასში „ევროპარლამენტი გამოთქვამს სერიოზულ აღშფოთებას აფგან მუხთარლის საქართველოში შესაძლო გატაცებასთან და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით“ და აღნიშნულს „საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად“ მიიჩნევს.