ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობს. აღნიშნული თემის განხილვა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტსაც უყრის კენჭს, თუმცა იქამდე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების თემაზე ევროპარლამენტის 17 წევრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.
რაც შეეხება უშუალოდ რეზოლუციას, პროექტის სახელწოდებაა „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ და მასში „ევროპარლამენტი გამოთქვამს სერიოზულ აღშფოთებას აფგან მუხთარლის საქართველოში შესაძლო გატაცებასთან და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით“ და აღნიშნულს „საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად“ მიიჩნევს.
„ევროპარლამენტი: მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და მოელის, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.
მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიძიოს ეჭვები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურების შესაძლო მონაწილეობაზე აფგან მუხთარლის გატაცებაში. ამის შეუსრულებლობა კი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების და ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების დარღვევა იქნება და ზიანს მიაყენებს საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე.
აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს, მოუხსნას ბრალდება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი.
მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გადახედოს ყველა იმ დაპატიმრების საკითხებს, რომლებიც ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობას უკავშირდება“, - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში.