ყველანი ვალდებული ვართ კომპრომისი ვეძებოთ, რათა კონსტიტუციური რეფორმის პროცესი ჩიხში არ შევიდეს - კომპრომისის ძებნა ყველას ვალდებულებაა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეც ეძებს კომპრომისს, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ”ინტერპრესნიუსს”, საკონსტიტუციო ცვლილებებით შეთავაზებული საარჩევნო სისტემის შესაძლო გადავადების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
ქუცნაშვილის თქმით, გადავადება საკმარისი არ არის.
”ჩვენ ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა შევქმნათ, რომელიც ყველა კითხვას მოხსნის, მათ შორის პასუხს გასცემს ისეთ კითხვებს, როგორც არის ამომრჩეველსა და მის წარმომადგენელს შორის კავშირის შენარჩუნების აუცილებლობა - მოგეხსენებათ, მაჟორიტარი დეპუტატი პირდაპირი წესით არის არჩეული და ამომრჩევლის მასთან კავშირი არის უშუალო და პირდაპირი. ასევე, ”ბონუსის” სისტემა შემზღუდველი ბარიერების გარეშე ბოლომდე სამართლიანი არ არის - არ შეიძლება 20%-იანმა და 25%-იანმა პარტიამ მანდატების 50%-ზე მეტი მიიღოს. აუცილებლია არსებობდეს როგორც მინიმალური, ასევე მაქსიმალური ბარიერი. ასე რომ, საკითხი დგას არჩევნები ჩატარებული იყოს ეროვნული პროპორციული სისტემით თუ რეგიონულ-პროპორციული სისტემით, რათა რეგიონების წარმომადგენლები შენარჩუნდნენ და პარლამენტი მხოლოდ თბილისელების ორგანო არ აღმოჩნდეს ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ზაქარია ქუცნაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად სწორედ რეგიონულ -პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ასახელებს.
”საქართველო ერთ დედაქალაქად, სამ ავტონომიად და ცხრა რეგიონად იყოფა ანუ სულ არის 13 სუბიექტი. 150 კაცს, რომ 13 სუბიექტზე გაყოფ, საშუალოდ თითო რეგიონს 11-12 დეპუტატი ეყოლება. პარლამენტი არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და ამით ნარჩუნდება კავშირი რეგიონსა და მის წარმომადგენელს შორის. სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა მხოლოდ პარტიას განაპირობებს. წარმოიდგინეთ რეგიონები, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არ არის დიდი, ასეთი რეგიონი პოლიტიკური ინტერესის საგანი აღარ იქნება. კომპრომისს ეძებს პარლამენტის თავმჯდომარე და მეც ვეძებ კომპრომისს. კომპრომისი დამოკიდებული იქნება იმ ვარიანტის შინაარსსზე, რა ვარიანტის შინაარსზეც ყველანი ვალდებული ვართ, რომ შევჯერდეთ”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.