საქართველოში მაჟორიტარულ სისტემას არასოდეს არავინ უჭერდა მხარს, გარდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სავარძლებისა - საკმარისია ამ სავარძელში ჩაჯდომა და ყველა ამ სისტემის მომხრე ხდება; საკმარისია ამ სავარძლიდან ადგომა ან მასში ვერ ჩაჯდომა და ყველა მისი წინააღმდეგია, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადების შესაძლებლობის საკითხს გამოეხმაურა.
უსუფაშვილის თქმით, მაჟორიტარული სისტემის შეცვლა იმიტომაცაა საჭირო, რომ მომავალი პოლიტიკოსები მაინც დავაზღვიოთ ამ დაავადებისგან.
„საქართველოში მაჟორიტარულ სისტემას არასოდეს არავინ უჭერდა მხარს, გარდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სავარძლებისა - საკმარისია ამ სავარძელში ჩაჯდომა და ყველა ამ სისტემის მომხრე ხდება; საკმარისია ამ სავარძლიდან ადგომა ან მასში ვერ ჩაჯდომა და ყველა მისი წინააღმდეგია. მაშ რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ ამ სისტემას განსაკუთრებული ხიბლი აქვს ყოველ მოცემულ მომენტში ადმინისტრაციული რესურსით აღჭურვილი ანუ სახელისუფლებო პოლიტიკური გუნდებისთვის, რომელთაც უვითარდებათ ავადმყოფური ლტოლვა ხელისუფლებაში დარჩენისადმი. ამ სისტემის შეცვლა იმიტომაცაა საჭირო, რომ მომავალი პოლიტიკოსები მაინც დავაზღვიოთ ამ დაავადებისგან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, გამოსავალი მხოლოდ „ოცნების“ მიერ საკუთარ თავში საკონსტიტუციო უმრავლესობის იდეა-ფიქსის დაძლევაშია.
„ორი წლის წინ ბევრის, მათ შორის, ჩემი მცდელობითაც გამოიკვეთა სერიოზული და რეალური შანსი იმისა, რომ დღეს ჩვენ უკვე გვქონოდა კონსტიტუციურად გარანტირებული ჯანსაღი პროპორციული სისტემა, ყოველგვარი სპეც-ბონუსების გარეშე. მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ დე-ფაქტო ლიდერის მორიგ ახირებას შეეწირა ეს შანსი. მაშინდელმა უმცირესობამ პიარ-კამპანიას გადააყოლა 2016 წლის არჩევნების შემდეგ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის უნიკალური შესაძლებლობა, რადგან კოალიციურ უმრავლესობას ინიცირებული ჰქონდა შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები და გვჭირდებოდა უმცირესობის ხმები.
მე ადრეც განვაცხადე, რომ ე.წ. ბონუსური სისტემა დაწუნებული იქნებოდა თბილისშიც, ქუთაისშიც და ვენეციაშიც და სინამდვილეში კვლავ არსებული სისტემის შენარჩუნებისკენ მივდიოდით. გამოსავალი მხოლოდ „ოცნების“ მიერ საკუთარ თავში საკონსტიტუციო უმრავლესობის იდეა-ფიქსის დაძლევაშია. ასეთ შემთხვევაში, ისინი სხვა შესაძლო გზებსა და კომპრომისებსაც დაინახავდნენ და შეძლებდნენ ამ საკითხზე ათწლეულების განმავლობაში შემუშავებული მოდელებიდან რომელიმეზეც ეფიქრათ, მაგალითად, მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე ან ე.წ. გერმანულ სისტემაზე. ამ მოდელებით მათთვის ესოდენ სანუკვარ მაჟორიტარულ კომპონენტსაც შეინარჩუნებდნენ 2020-ისთვის და დამკვიდრებულ მანკიერებებსაც შეებრძოლებოდნენ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.