გიორგი გახარია აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს, აბულფას გარაევს შეხვდა

გიორგი გახარია აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს, აბულფას გარაევს შეხვდა

“ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით აზერბაიჯანი არის საქართველოსთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ქვეყანა, რომელიც ამ მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების ათეულში პირველ ადგილს იკავებს და ჩვენ გვსურს, რომ ტურიზმის სექტორში ურთიერთანამშრომლობის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდოს“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბაქოში აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან, აბულფას გარაევთან შეხვედრისას განაცხადა. ორი ქვეყნის მინისტრებმა ტურისტულად მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს და განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონში ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო გაზრდას, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას.

გიორგი გახარიამ აბულფას გარაევს და აზერბაიჯანის მთავრობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მხარდაჭერისთვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანის მჭიდრო თანამშრომლობა  ტურიზმის სფეროში არამარტო ორმხრივი, არამედ რეგიონალური მნიშვნელობისაა. „ორივე ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად რეგიონში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისა და ხელშეწყობისთვის. აზერბაიჯანულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელიც ტურიზმის ინფრასტრუქტურულ განვითარებას უკავშირდება.  ჩვენ ხაზი გავუსვით მნიშვნელოვან პლატფორმებს, სადაც ორივე ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობს. შევთანხმდით, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში  ერთიან პროექტებს განვავითარებთ, რათა ჩვენი რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების  ცნობადობა ავამაღლოთ“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ კოლეგებს გააცნო ის ღონისძიებები, რომლებიც პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ხორციელდება ტურიზმის ხელშეწყობისთვის. ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ შექმნიან სამუsაო ჯგუფებს და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლობენ კულტურული, ტურისტულად მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვა–განხორციელებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. 2016 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ  1 523 057,   ხოლო 2017 წლის ხუთ თვეში   უკვე 602 840 ადამიანი შეადგინა.