სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სოზარ სუბარი დაიკითხება

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სოზარ სუბარი დაიკითხება

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს ბრალი წარდგენილი, სოზარ სუბარი დაიკითხება.

დღევანდელი სასამართლო პროცესი 16.30 საათზეა ჩანიშნული. სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, სოზარ სუბარი აღნიშნულ საქმეზე დაიკითხება როგორც ყოფილი სახალხო დამცველი.

საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სანდრო გირგვლიანის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 232-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე. სულ საქმეზე ათზე მეტი მოწმეა დაკითხული.

სასამართლო პროცესს მოსამართლე გიორგი არევაძე უძღვება.