„ნაცმოძრაობა“ პრეზიდენტს პარტიების მონაწილეობით უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის გამართვისკენ მოუწოდებს

„ნაცმოძრაობა“ პრეზიდენტს პარტიების მონაწილეობით უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის გამართვისკენ მოუწოდებს

”ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართავს და მოუწოდებს, რომ ძირითადი პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა გამართოს.

როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლების ქმედებების შემდეგ ხდება ჯარის მეთოდური განადგურება და დეგრადაცია, რაზეც პრეზიდენტმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოვალეობა და პასუხისმგებლობაა ჯარის მეთოდური განადგურების და დეგრადაციის შესახებ საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტს აცნობოს. ტელევიზიით თავდაცვის სამინისტროსა და მთავრობის მესვეურები რეალურ მდგომარეობას არ აჩვენებენ. მივმართავთ პრეზიდენტს, ძალოვანი, თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფის სტრუქტურები, პროკურატურა მთლიანობაში განიხილოს და შესაბამისი ზომები მიიღოს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტის, უმაღლესი მთავარსარდლის მხრიდან, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს თავდაცვის უნარიანობის შესაბამის დონეზე ყოფნისთვის. მოგიწოდებთ, ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა მოიწვიოთ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.