ფრაქცია ”ევროპულ საქართველოს” საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში რამდენიმე შენიშვნა აქვს.
როგორც პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, შენიშვნა ძალიან ბევრია, მათ შორის ოთხი ძირითადი პრობლემაა ცვლილებებში.
”პირველი პრობლემა არის ის, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების თავი ისე იქნა შემუშავებული, რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც მუშაობს ამ თემებზე საქართველოში, ჩართული არ ყოფილა. მათ საპროტესტო მიმართვაც კი გაავრცელეს რამდენიმე დღის წინ, რომ შეუძლებელია კონსესუსის გარეშე აღნიშნული ცვლილებების მიღება. მეორე პრობლემა არის ის, რომ უშიშროების საბჭო იკარგება როგორც მაკოორდინირებელი ორგანო, მესამე პრობლემა არის ის, რომ პრეზიდენტს ეკარგება ფუნქციები უსაფრთხოების სფეროში, ომის დროს მას გარკვეული ფუნქციები გააჩნია, მაგრამ ძირითადად, პრემიერის დავალებების შემსრულებელია და მეოთხე ძირითადი პრობლემა არის ის, რომ შემოდის სრულიად გაუგებარი ცნება, სხვა შეიარაღებული ძალები, რომელსაც კონსტიტუცია არ ცნობს და გაუგებარია რას ნიშნავს ის და რა შეიძლება იყოს სხვა შეიარაღებული ძალები”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებაზე იმსჯელებენ.