აფგან მუხთარლის განცხადებით, მისი გატაცება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რაზეც პასუხი ერთობლივად უნდა აგონ

აფგან მუხთარლის განცხადებით, მისი გატაცება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რაზეც პასუხი ერთობლივად უნდა აგონ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფგან მუხთარლის ადვოკატმა, ელჩინ ნამაზოვმა განუცხადა.

მისი განმარტებით, აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით შევა, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კი სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლების დარღვევასთან მიმართებაში მომზადდება.

როგორც ელჩინ ნამაზოვმა აღნიშნა, დღეს ბაქოს სააპელაციო სასამართლოში აპელაციას შეიტანენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლის განცხადებით, „მისი გატაცება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რაზეც პასუხი ერთობლივად უნდა აგონ“.

აფგან მუხთარლის გუშინ, ბაქოს სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.