„ქართული ოცნების“ პოლიტიკური სტანდარტი არ არის ვინმეს გატაცება და სკანდალებში გახვევა

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური სტანდარტი არ არის ვინმეს გატაცება და სკანდალებში გახვევა

ყველა, ვინც პოლიტიკური თუ სხვა მიზეზებით თითს იშვერს ქართული სპეცსამსახურების მიმართულებით, უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დაზიანდებოდა სახელმწიფო ინტერესები, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინაურების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიება მალე დასრულდეს და საზოგადოებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. გამოძიება მიმდინარეობს და სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტრურები მობილიზებული არიან მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაადგინონ, თუ რა მოხდა. მთავარი ის არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესები დაზიანდა და მე ვიტყოდი, რომ ეს არის სახელმწიფოს ღირსების საკითხი. ყველა, ვინც პოლიტიკური თუ სხვა მიზეზებით თითს იშვერს ქართული სპეცსამსახურების მიმართულებით, უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანდებოდა სახელმწიფო ინტერესები. ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური სტანდარტი არ არის ვინმეს გატაცება და ისეთ სკანდალებში გახვევა, რომელიც შეიძლება საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყოს. იმედი გვაქვს, რომ გამოძიება ძალიან მალე დასრულდება და ჩვენს საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს ამ ფაქტთან დაკავშირებით“ , - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.