თუკი ვინმეს აქვს ილუზია, რომ ჩვენი მცდელობით, ხვალვე, ბატონი პუტინი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, ამას არავინ დაიჯერებს

თუკი ვინმეს აქვს ილუზია, რომ ჩვენი მცდელობით, ხვალვე, ბატონი პუტინი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, ამას არავინ დაიჯერებს

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა, ეკონომიკური წარმატებები და კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად ვივლით ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ - დიახ, ეს არის საფუძველი იმისა, რომ რუსეთი რეალურ დიალოგზე წამოვიდეს, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგის ადა მარშანიას გამოსვლას უპასუხა.

”იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დგას, მთელი ერი ერთიანი ვართ. დიახ, ნატო ცდილობს რუსეთი ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქციოს და რუსეთი ვაიძულოთ, იმ საერთაშორისო ნორმის თანამონაწილე გახდეს, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. თუკი ვინმეს აქვს ილუზია, რომ ჩვენი მცდელობით, ხვალვე, ბატონი პუტინი ჩვენს ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, ამას არავინ დაიჯერებს. ჩვენს ქვეყანას აქვს სწორი არჩევანი - ის, რაც არის საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროს წევრობის სურვილი - ნატოს, ევროკავშირის წევრობა, რომელიც ქმნის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემას და გარემოს. ეს არის ქვეყნის განვითარების ერთადერთი საშუალება”, - განაცხადა სესიაშვილმა ადა მარშანიას პასუხად.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმატებით ჩატარების და ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ქვეყანა პარტნიორებთან ურთიერთოების ახალ ეტაპზე გადავიდა.

„რუსეთთან მტრობა არ გვსურს მიუხედავად იმისა, რა მოხდა ჩვენს შორის“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მარშანიას თქმით, ის ვერ ხედავს ქმედით ნაბიჯებს და სტრატეგიას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ პროცესში კი, დეპუტატის აზრით, რუსეთის ფაქტორი გადამწყვეტია.