ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინოს

ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინოს

ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა იმისა, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინოს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა.

აბესაძის ინფორმაციით, კორუფცია თბილისის მერიაში მმართველობის მთავარ პრინციპად და სტილად იქცა.

მან საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა, გახდეს აღნიშნული თემა გამოძიების საგანი.

”ჩვენ საზოგადოება შევაჩვიეთ, რომ კორუფცია თბილისის მერიაში არის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების დარგში - მილიონობით ლარი იფლანგება და შემდგომ გვაქვს წლობით ჩაკეტილი ხიდები და გადათხრილი გზები. საზოგადოება მივაჩვიეთ იმას, რომ კორუფცია გვაქვს არქიტექტურის სამსახურში და საჭიროა ქრთამს იხდიდე იმისთვის, რომ მშენებლობის ნებართვა აიღო. მივაჩვიეთ, რომ გაქვს კორუფცია ქონების პრივატიზების საკითხებში - ამ მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონება იფლანგება, ნაცვლად იმისა, რომ ეს რესურსი ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას ხმარდებოდეს. საზოგადოება მივაჩვიეთ იმას, რომ გვაქვს კორუფცია დასაქმების მიმართულებით - კვალიფიციური კადრების აყვანის ნაცვლად, გვაქვს შემთხვევები, როცა ადამიანების დასაქმება ქრთამის აღების სანაცვლოდ ხდება. არ ვსაუბრობ იმ ნეპოტიზმზე, რომელიც კორუფციის ნაირსახეობაა. საზოგადოება მივაჩვიეთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქის ცენტრში, 29-ჰექტარი სარეკრეაციო ზონა კერძო საკუთრებად გამოაცხადოს. მივაჩვიეთ, რომ ასევე ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ბოტანიკური ბაღის მითვისება. საზოგადოება მივაჩვიეთ იმას, რომ მოსამართლეებს სახელმწიფო ქონება შეიძლება ქრთამის სახით გადაეცეთ. ახლა მივაჩვიეთ, რომ ყოფილი პროკურორების და ყოფილი დეპუტატების პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებად არის შესაძლებელი სახელმწიფო ქონების გამოყენება”, - განაცხადა აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

აბესაძემ უმრავლესობას მიმართა, იყვნენ კორუფციული თემების გამოძიებით დაინტერესებულნი, რადგან ერთის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და მნიშვნელოვანია, საზოგადოება დარწმუნდეს, რა ხდება თბილისის მერიაში.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს მოუწევს თბილისის მერის დავით ნარმანიას გენერალურ აუდიტორად დასახელება და მნიშვნელოვანია იცოდნენ, რეალურად ვის ირჩევენ მთავარი აუდიტორის თანამდებობაზე.