”ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტი ჩაატაროს.
როგორც სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დიდი ალბათობით შემდეგი კვირების განმავლობაში პარლამენტში საკმაოდ დაძაბული კამათი იქნება კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ”ქართული ოცნება” მალე შემოიტანს.
”მინდა ამასთან დაკავშირებით ორ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო: პირველ რიგში ეს არის საკითხი, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება. საარჩევნო სისტემა, რომლის დამკვიდრებაც გინდათ თქვენ, იქნება უაღრესად უსამართლო, დიდ უსამართლო უპირატესობას მისცემს პირველ ადგილზე გასულ პარტიას იმ პარტიების ხარჯზე, ვინც ვერ გადალახეს ბარიერი. ასეთი მოდელი არ არსებობს არსად ევროპაში, თქვენ ირჩევთ მოდელს, რომლის პრეცედენტი, მსგავსი, არსად არ არსებობს. ეს იქნება ძალიან ცუდი ქვეყნის მომავალი სტაბილურობისთვის. ჩვენ რეალურად შეიძლება მივიღოთ ის, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ იყოს არასტაბილურობა ქვეყანაში.
რომ წარმოიდგინოთ, არჩევნები, რომელშიც მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული პარტიები იღებენ ერთნახევარჯერ ან ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე პირველ ადგილზე გასული პარტია და პირველ ადგილზე გასული პარტია ამ სრულიად გაუგებარი ბონუსის გამო აკომპლექტებს მთავრობას. ეს ხომ აუცილებლად გამოიწვევს დესტაბილიზაციას, ხალხის ქუჩაში გამოსვლას და ძალიან დიდ არეულობას. ამიტომ, ჩემი დაბეჯითებითი მოთხოვნა იქნება არ წახვიდეთ ამ გზაზე, იმიტომ, რომ ამ გზაზე დადგომის შემთხვევაში ჩვენთან ყოველი არჩევნები იქნება დესტაბილიზაციის წყარო”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, მეორე საკითხი ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს და მის ფუნქციებს.
”როდესაც ევროპის საუკეთესო პრაქტიკა გვეუბნება, რომ საპარლამენტო მოდელში შეიძლება იყოს არჩევითი პრეზიდენტი და მას შეიძლება ჰქონდეს უშიშროების საბჭო, უსაფრხოების საკითხებში კომპეტენცია და ფუნქციები, მნიშვნელოვანია, რომ იყოს გაზიარებული.
კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოგიწოდებთ, ჰკითხოთ ხალხს, ჩაატაროთ პლებისციტი და როგორც ხალხი გეტყვით ამ ორ თემაზე - საარჩევნო სისტემაზე და პრეზიდენტის არჩევაზე და ფუნქციებზე, მოიქცეთ ისე და არა ისე, როგორც ერთი ადამიანი გეუბნებათ”,- განაცხადა კაპანაძემ.