დღეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას და მის მეუღლეს აგატა კორნჰაუზერ-დუდას პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდა.
შეხვედრას ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ უმასპინძლა. პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურმა და პირველმა ლედიმ უაღრესად დადებითი შეფასება მისცეს საქართველოში ვიზიტს და აღფრთოვანება გამოთქვეს საქართველოში პოლონელი შემოქმედების მიმართ არსებული დამოკიდებულებისა და ისტორიული თანამშრომლობის თაობაზე.
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და პოლონეთის კულტურის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ცნობილი პოლონელი მხატვრის ჰენრიკ ჰრინევსკის ნამუშევრების რესტავრაციაში პოლონური მხარე აქტიურად ჩაერთვება. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამასთანავე, გაიხსნება ჰრინევსკის სახელობის პოლონური ბიბლიოთეკა.
მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს და პირველ ლედის პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერისათვის და დაუდასტურა საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მხარდაჭერა.