ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის პოლიცია, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, დანაშაულზე რეაგირებასა და მის გამოძიების პარალელურად, დიდი აქცენტი გაკეთდება დანაშაულის პრევენციაზე, მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლასა და აღკვეთაზე და სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიური ცენტრი.
„ასეთი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და ეს არის დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომა. მე მჯერა, რომ ასეთი რეფორმების განხორციელების შედეგად ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის პოლიცია, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საქმიანობის მთავარი შემფასებელი ხალხია და არანაირი წოდება და პრივილეგია არ არის ხალხის ნდობასა და სიყვარულზე მეტი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პროფესიონალიზმით და ხალხის ერთგული სამსახურით თქვენს წვლილს შეიტანთ თანამედროვე ქართული ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.