საქართველოს პარლამენტში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს რუმინეთის ელჩთან, რადუ-ლივიუ ჰორუმბასთან.
შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ უმასპინძლა.
შეხვედრა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს ეძღვნებოდა. მხარეებმა რუმინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ წელს საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავია. სწორედ რუმინეთი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.
შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთს შორის საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე, საუბარი შეეხო ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს და აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს საქართველოსა და რუმინეთს შორის ერთობლივი ეკონომიკური სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომისა და პირველი ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ორი ქვეყნის ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვნად და პოზიტიურად შეაფასა. მან ხაზი გაუსვა აქტიურ საპარლამენტო და მთავრობათაშორის მჭიდრო ურთიერთობებს ასევე, ბიზნეს ფორუმის ჩატარების, სამთავრობო ვიზიტების განხორციელების, ხალხთაშორისი და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა, ყურადღება გაამახვილეს რუმინეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის დაძმობილების პროგრამის განხორციელებაზე. მხარეებმა ყველა იმ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს, რაც ორ ქვეყანას აკავშირებს.
სოფიო ქაცარავამ რუმინეთის ელჩს და რუმინეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
მხარეები, ორმხრივ ფორმატში რეგულარულად შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
„რუმინეთის ელჩსა და საელჩოს თანამშრომლებთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება განვიხილეთ რაც ორ ქვეყანას აკავშირებს. ჩვენი კომიტეტის დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ჩვენს ქვეყანაში არსებულ საელჩოებთან აქტიური დიალოგი წარმოადგენს. დაგეგმილი გვაქვს ამ ფორმატში შეხვედრების აქტიურად გაგრძელება", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო ქაცარავამ.