ზვიად ძიძიგურმა და ნინო გოგუაძემ აშშ საერთაშორისო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ზვიად ძიძიგურმა და ნინო გოგუაძემ აშშ საერთაშორისო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსერვატორების საერთაშორისო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.

ქართველმა დეპუტატებმა შეხვედრები გამართეს ფლორიდის შტატის გუბერნატორ ტიმ სკოტთან და აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრები გაიმართა ასევე, ამერიკული ბიზნესკომპანიების და Think Thank ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროპის ქვეყნების კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლებთან, მათ შორის დანიელ ჰანანთან და იან ზაჰრადილთან, ასევე ისრაელის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების და განსაკუთრებით, სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების საკითხებზე.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით ეს იყო მნიშვნელოვანი ფორუმი, რადგან საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონსერვატიულ ფორუმში.

„კონსერვატორების საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც აშშ-ში გაიმართა საქართველოდან პირველად იყო წარმოდგენილი საქართველოს კონსერვატიული პარტია. მნიშვნელოვანია მსოფლიო კონსერვატიული მოძრაობების გააქტიურების ფონზე, საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ ისეთი ტიპის კონფერენციებში მიიღოს მონაწილეობა, სადაც თავისუფალი ვაჭრობის, თავისუფალი ბაზრის და მსოფლიო მასშტაბით საკუთრების უფლების საკითხების გაძლიერება განიხილება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც სქართველოსთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, თავისუფალი ვაჭრობის თემა უმნიშვნელოვანესია. ასეთი ტიპის პარტიული დაახლოებები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების განვითარებას. იმედი მაქვს რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება არა მხოლოდ ევროპელ კონსერვატორებთან, არამედ ამერიკელ, სამხრეთ ამერიკელ და სხვა კონსერვატიულ მოძრაობებთანაც", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

ნინო გოგუაძის შეფასებით, ეს იყო უნიკალური ფორუმი, რომელმაც სათავე დაუდო საერთაშორისო კონსერვატიული მოძრაობის შექმნას. „ეს ფორუმი არის ახალი შესაძლებლობა იმისა, რომ ევროპის, ამერიკის, კანადის, აღმოსავლეთის ქვეყნების კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ბიზნესკომპანიები ერთობლივად მსჯელობდნენ ქვეყნებს შორის სამომავლო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებაზე", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.