ემანუელ მაკრონმა რუსული საინფორმაციო საშუალებები Russia Today და Sputnik გააკრიტიკა

ემანუელ მაკრონმა რუსული საინფორმაციო საშუალებები Russia Today და Sputnik გააკრიტიკა

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსული საინფორმაციო საშუალებები Russia Today და Sputnik გააკრიტიკა.

რუსი ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას რიგ რუს ჟურნალისტებს წვდომა აუკრძალეს მის შტაბზე და როგორ აპირებს ის ურთიერთობების წარმართვას უცხოელ ჟურნალისტებთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა:

„მე ყოველთვის სამაგალითო ურთიერთობები მქონდა უცხოელ ჟურნალისტებთან, მაგრამ როგორც პოლიტიკოსმა ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადო, რომ როდესაც მედიასაშუალებები ურცხვ სიცრუეს ავრცელებენ, ისინი უკვე ჟურნალისტები არ არიან. ეს გავლენის მოხდენის ორგანოების სამუშაოა. Russia Today და Sputnik ზუსტად რომ გავლენის მოხდენის ასეთი ორგანოები იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ისინი სიცრუეს ავრცელებდნენ როგორც პირადად ჩემზე, ასევე ჩემს წინასაარჩევნო კამპანიაზე.

ზუსტად ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ამეკრძალა წვდომა ჩემს წინასაარჩევნო შტაბზე. ყველა სხვა ჟურნალის, მათ შორის ნამდვილად პროფესიონალ რუს ჟურნალისტებს ჰქონდათ წვდომა ჩემს შტაბზე“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

მისივე თქმით, Russia Today და Sputnik არა როგორც ჟურნალისტები, არამედ როგორც გავლენის მოხდენის და ცრუ პროპაგანდის გავრცელების ორგანოები, იქცეოდნენ.