თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის

თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" გაიმართა

მიმდინარე წლის 27 – 28 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მონაწილეობით, თბილისში, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" გაიმართა. მას მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, 100-ზე მეტი დიასპორის წარმომადგენელი დაესწრო.

ფორუმი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას ისახავდა მიზნად.

ფორუმის მონაწილეებს სასტუმრო „ბილტმორში" მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმედოვნებს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად რთული პროცედურის გავლა აღარ მოუწევთ. პრემიერმა ინიციატივისთვის მადლობა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, სალომე ზურაბიშვილს გადაუხადა. პრემიერ ინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სპეციალური ჯილდოებით წახალისდებიან დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში. „უცხოეთში ქართული ეკლესიებისა და სამრევლოების რიცხვის ზრდა და გაძლიერება მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რასაც საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით აუცილებლად შევუწყობთ ხელს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიხარული გამოხატა იმის გამო, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები სამშობლოში იხილა. „გასული წლებისგან განსხვავებით, მოგიწოდებთ, იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოშიც" - მიმართა ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას უწმინდესმა და უნეტარესმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ფორუმის მონაწილეებს, სამინისტროს მიერ შემუშავებული, დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია - „ერთიანი ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა"გააცნო.

მისი განცხადებით, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავება სახელმწიფოსგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, საზღვარგარეთ არსებული საქართველოს დიპლომატიური რესურსი კი პრობლემების ეფექტიანად და დროულად გადაჭრის საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ განხორციელდა რეფორმა, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორასთან ურთიერთობის პასუხისმგებლობა აიღო.

ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ფორუმის მონაწილეებს გააცნო ქართული ენის ონლაინ შესწავლის პროექტის მიმდინარეობა. ისაუბრა ქართული საკვირაო სკოლების პრობლემატიკასა და საქართველოში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ახალგაზრდების მიერ უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის პროექტებზე. მან ასევე განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და დიასპორული სამეცნიერო პოტენციალის გამოყენების საკითხებზე ისაუბრა.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ ფორუმის მონაწილეებს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე 26 მაისი და ქართული დიასპორის დღე 27 მაისი, რომლებსაც ქართველი ერი სიმბოლურად თანმიმდევრულად აღნიშნავს. „თქვენ გერგოთ მძიმე, თუმცა საპატიო ხვედრი - იმოღვაწეოთ, იშრომოთ უცხოეთში, დედასამშობლოსგან განშორებით, მაგრამ მუდამ სამშობლოზე ზრუნვაში და საქართველოს საკეთილდღეოდ. მიუხედავად არსებული სირთულეებისა და რიგ შემთხვევაში თქვენი ობიექტური გულისწყრომისა, დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, დანიშნულება და მისია არის დიასპორაზე ზრუნვა, მისი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ერთიან ქართულ სივრცეში ინტეგრაცია" - მიმართა მან უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

„მძიმე ისტორიულმა ხვედრმა, მსოფლიო და რეგიონალური მასშტაბის უმწვავესმა გამოწვევებმა, მათ შორის უახლოესი პერიოდის მეზობელი სახელმწიფოს იმპერიულმა და საოკუპაციო პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ დაახლოებით მილიონ ნახევარი ქართველი გასულია უცხოეთში და სწორედ ამიტომ ქართული დიასპორა ეს არის ქართული სახელმწიფოს დიდი ტკივილი. თუმცა, ამავე დროს ჩვენი დიასპორა ეს არის ჩვენი დიდი ლობი, წარმომადგენლობა და მხარდაჭერა უცხოეთში. წარმოუდგენელია ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქართული სახელმწიფო ქართული დიასპორის გარეშე. საქართველო და ქართველობა მთელს მსოფლიოში განუყოფელია,"- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მან ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს აცნობა, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში ასახვას ჰპოვებს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც დიასპორაზე ზრუნვა ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ კონსტიტუციურ ფუნქციად და დანიშნულებად განისაზღვრება. ზვიად კვაჭანტირაძემ მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრს, ქართული ემიგრაციის ყოფილ თვალსაჩინო წარმომადგენელს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომლის საკონსტიტუციო ინიციატივითაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლება მიეცემათ. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომიტეტი, საკანონმდებლო და საკონტროლო ფუნქციების განხორციელებისას, უპირველეს ყოვლისა, შეიმუშავებს და მხარს დაუჭერს იმ ახალი სამართლებრივი რეგულაციების შემოღებასა და პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავენ სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კონტაქტების შენარჩუნება-გაღრმავებას, დიასპორის პრობლემატიკის გადაწყვეტას.

„ერთმანეთს ჩავჭიდოთ მჭიდროდ ხელი და ვემსახუროთ საქართველოს" - მიმართა ფორუმის მონაწილეებს ზვიად კვაჭანტირაძემ.

ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორული ფორუმის ფარგლებში, სამუშაო თემატურ ჯგუფებში მიიღო მონაწილეობა, სადაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები: დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაში და მედია, დიასპორა და ეკონომიკა, თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, ახალგაზრდობა, სპორტი და კულტურა. თემატურ ჯგუფებში გაიმართა დისკუსიები. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გამოკვეთილი მოსაზრებები შემდგომში ასახვას ჰპოვებს იმ ცალკეული ღონისძიებების, პროგრამებისა თუ პროექტების დაგეგმვაში, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება.