საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის წარმომადგენლებს ვაერზეგერ კრისტოფერს და ფილერ კორის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბრის თემა იყო საქართველოში კაპიტალის ბაზრის რეფორმირება და განვითარება. კერძოდ, ფასიანი ქაღალდების დაბეგვრის ნაწილში არსებულ საკანონმდებლო ვაკუუმი, ამ სფეროში ზოგიერთი ინსტრუმენტის სამართლებრივი დეფინიციის აუცილებლობა და მათი დაბეგვრის პრინციპების, მექანიზმების და ადმინისტრირების ფორმების შემუშავების მნიშვნელობა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კაპიტალის ბაზრის გააქტიურება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან ხაზი გაუსვა, მოცემულ სფეროში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პარლამენტი მზად არის კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის გადადგმული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რათა სარგებლობდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნესის და საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობით.
შეხვედრას ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გიორგი ლალიაშვილი და თორნიკე რევიშვილი ესწრებოდნენ.