საერთო ჯამში, ასეთი დეკლარაცია არის გამორჩეული საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობის მანძილზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღების შემდეგ განუცხადა.
მან მადლობა გადაუხადო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მის მიერ მიღებული დეკლარაციის გამო, რომლითაც, დეპუტატის შფასებით, ალიანსი სრულ მხარდაჭერას უცადებს საქართველოს.
როგორც სესიაშვილმა განმარტა, ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმისა, რომ ნატო საქართველოს მხარს უჭერს, მიესალმება საქართველოს ინტეგრაციას ნატოში.
„ჩვენ გვაქვს ერთი საერთო გამოწვევა რაც არის მშვიდობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა არის პოლიტიკური პლატფორმა, აქ არიან ნატო-ს წევრი ქვეყნების დეპუტატები, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ თავიანთ ქვეყანაში პოლიტიკის წარმოებაზე.
„ამიტომ, თავისთავად ცხადია, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება უკავშირდება თავიანთი ქვეყნების მთავრობების საქმიანობას. ისევე როგორც ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები მთავრობასთან ვმუშაობთ საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში, ასევე აქ წარმოდგენილი დეპუტატები თავიანთი ქვეყნების მთავრობებთან მუშაობენ და ერთიან პოლიტიკას აყალიბებენ. ამიტომ მათი აქ ჩამოსვლა, მათი მონაწილეობა, ამ პოლიტიკური გზავნილის დამკვიდრება ეს უნდა აისახოს და გაგრძელდეს ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მთავრობების დამოკიდებულებაზე და აქ აქვს ასამბლეას თავისი გამორჩეული მნიშვნელობა“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.