გია ვოლსკი არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას და ამ თემის განხილვის დაწყებას არ გამორიცხავს

გია ვოლსკი არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას და ამ თემის განხილვის დაწყებას არ გამორიცხავს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას და ამ თემის განხილვის დაწყებას არ გამორიცხავს.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუკი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე ვენეციის კომისიას შენიშვნები ექნება, რამდენად მოსალოდნელია, დარჩეს ის, რაც დღეს მოქმედებს, ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ამას საკმაოდ მძლავრი მხარდაჭერა აქვს“.

„ლოგიკურად, ჩვენ ვერანაირად ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა განხილვის დღის წესრიგში დარჩეს, თუმცა წინასწარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. მე შემიძლია იმ ხალხის პოზიცია გითხრათ, ვინც შერეულ საარჩევნო სისტემას მხარს უჭერს. მათ საკმაოდ ლოგიკური არგუმენტები გააჩნიათ. თუკი ქვეყანას არ ექნება შესაძლებობა, შექმნას პარლამენტში ვითარება, როდესაც მთავრობის დაკომპლექტება იქნება შესაძლებელი და მდგომარეობა კრიზისამდე არ მივა, საკითხი, რაზეც შეკითხვას მისვამთ, აქტუალური გახდება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, პოლიტიკური ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებით შეთავაზებულ ე.წ. გადანაუწილებელი მანდატების საკითხზე იმგვარ სურათს ხატავს, თითქოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად „ქართული ოცნება“ უნდა გავიდეს.

„საქართველო არ არის იმგვარ ვითარებაში და კარგა ხანს არ ექნება ფუფუნება იმისა, რომ ვერ შექმნას მთავრობა და პოლიტიკური კრიზისის განვითარებას შეუწყოს ხელი. კარგია, როდესაც ქვეყანას კოალიციური მთავრობის შექმნის რესურსი გააჩნია, მაგრამ ამ გადმოსახედიდან კოალიციური მთავრობის პერსპექტივა არ ჩანს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.