არჩილ თალაკვაძე:  ასე ახლოს ნატო-სთან საქართველო არასდროს ყოფილა

არჩილ თალაკვაძე: ასე ახლოს ნატო-სთან საქართველო არასდროს ყოფილა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია ჩვენ გამოგვადგება სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის საშინაო პოლიტიკის ფორმირების პროცესში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია საქართველოს პროგრესი დემოკრატიული გარდაქმნების მხრივ, ასევე საქართველოს კონტრიბუცია და შეტანილი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში.

„საქართველოს უსაფრთხოებას სჭირდება გლობალური მხარდაჭერა და საქართველოს მხარდაჭერაც სჭირდება გლობალურ უსაფრთხოებას. საქართველო არის საიმედო, ძლიერი პარტნიორი ნატო-სთვის და ამას მოწმობს საქართველოს წარმომადგენლობა სხვადასხვა მისიებში.

რაც შეეხება დეკლარაციას, ეს არის უმნიშვნელოვანესი ტექსტი, რომელიც საქართველოს და ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს გამოგვადგება სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის საშინაო პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

დეკლარაციაში კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ჩვენს მიერ იყო წარდგენილი და რომელიც ჩვენს სასიკეთოდ არის, იქნა მხარდაჭერილი ამ დეკლარაციასთან ერთად. ეს არის ცვლილება, რომელიც ეხება საოკუპაციო ხაზთან გადაადგილების, ვაჭრობის დაშვებას და თავისუფლებას“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ განაცხადა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარება ნიშნავს უპირობო აღიარებას იმ წარმატებული რეფორმების, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს.

„ასე ახლოს ნატო-სთან საქართველო არასდროს ყოფილა“,- აღნიშნა თალაკვაძემ.