პაოლო ალი: საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას ეკუთვნის

პაოლო ალი: საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას ეკუთვნის

„დღეს ვასრულებთ საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიულ სესიას. საქართველომ მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა - რომ საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას ეკუთვნის", - ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დღეს, ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაოლო ალიმ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციასა და მის ხელმძღვანელს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ვასრულებთ საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიულ სესიას. საქართველომ მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა - რომ საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას ეკუთვნის. ჩემი თბილისში ყოველი ვიზიტისას, ვხედავ, როგორია საერთო სულისკვეთება - ქართველი ხალხი გრძნობს, რომ მათი ბედისწერა და მომავალი ევროკავშირსა და ნატოსთან ერთადაა. ვიზიტის ფარგლებში ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი ამაყია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მასპინძლობით და ასევე, ასამბლეაც ამაყია, რომ სესიას საქართველომ უმასპინძლა",- განაცხადა ასამბლეის პრეზიდენტმა.

პაოლო ალის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ბოლო 15 წელია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუციაზე და აღნიშნა, რომ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი დონის პროფესიონალიზმისა და ნატოში ინტეგრაციისთვის მზაობის დემონსტრირება მოახდინეს. პაოლო ალიმ ქართველ სამხედროებს გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოება იმ ქართველი ჯარისკაცების ვალშია, რომლებმაც მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებაც და განაცხადა, რომ ნატო მხოლოდ თავდაცვის ალიანსი არ არის - ეს არის ხალხთა ერთობა, რომლებსაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებების, მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ღირებულებები აერთიანებთ. მისივე განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ამ საერთო ღირებულებებს იზიარებს.

ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, ქართველი ხალხის მიდრეკილება დემოკრატიისადმი. როგორც პაოლო ალიმ აღნიშნა, ამ გზაზე ქართველების მხარდაჭერა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

პაოლო ალის განცხადებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეა სისტემატიურად გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას. მისი თქმით, რუსული ანექსია მიუღებელია.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, დეკლარაცია, რომელსაც დღეს, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სესიაზე მიიღებენ, არის ძლიერი მხარდამჭერი განაცხადი დემოკრატიული და სუვერენული საქართველოს მიმართ, რომლის მომავალიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშია. პაოლო ალიმ იმედი გამოთქვა, რომ დეკლარაცია ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნება მიღებული. ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასამბლეა, საქართველოს მხარდაჭერაში, ერთსულოვანია.

პაოლო ალიმ ისაუბრა მონტენეგროს ნატოში ინტეგრაციის შესახებაც და განაცხადა, რომ მონტენეგროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის წარმატება საქართველოსთვისაც, რადგან ეს არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ნატოს კარი ღიაა და ვერანაირ საგარეო ზეწოლას წევრობის მიზნის განხორციელებისთვის ხელის შეშლა არ შეუძლია.

პაოლო ალის განცხადებით, ნატო ზრდის წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში და აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან. ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა ტერორიზმთან ბრძოლისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებული სხვა გამოწვევების შესახებაც და აღნიშნა, რომ ნატო უსაფრთხოების გარანტორად რჩება. პაოლო ალიმ ხაზგასმით აღნიშნა გლობალურ უსაფრთხოებაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როლისა და მნიშვნელობა.

ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ერის მისწრაფება ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციიისთვის და მისი დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის სულისკვეთება - ყველასთვის შთამაგონებელია. პაოლო ალიმ საქართველოს გლობალურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.