გიორგი კვირიკაშვილი:  საქართველოში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემო

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემო

საქართველოში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემო, ეფექტიანი საჯარო სერვისები, კორუფციისგან თავისუფალი მთავრობა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე. ჩვენ ვახორციელებთ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს, რათა ბაზარზე იყოს ღია და სამართლიანი კონკურენცია, სათანადოდ იყოს დაცული საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ასევე თავისუფალი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება.

საქართველოში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემო, ეფექტიანი საჯარო სერვისები, კორუფციისგან თავისუფალი მთავრობა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო. ეს ყველაფერი გვათავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო სულ უფრო აუმჯობესებს პოზიციებს ისეთი აღიარებული საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, Heritage Foundation, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვ.

ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება ევროკავშირთან. სულ ახლახან ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც ნიშნავს დამატებით 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარს. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე პრეფერენციების ზოგადი სქემის რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასა და იაპონიასთან.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა იძლევა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში ევროპისა და აზიის დაკავშირების უნიკალურ შესაძლებლობას. სატრანსპორტო პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალი, სატრანსპორტო დერეფანი Lapis Lazuli, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის დერეფანი და ასევე “აბრეშუმის გზის” ეკონომიკური სარტყელი, ყველას უდიდეს შესაძლებლობებს გვთავაზობს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო არის სანდო სატრანზიტო პარტნიორი და სატრანსპორტო ღერძის წამყვანი ქვეყანა, რომელიც აქტიურად და წარმატებით მონაწილეობს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში.

„ამასთან ერთად, საქართველო იყო და არის სანდო და პასუხისმგებელი ენერგეტიკული პარტნიორი, რომელსაც წვლილი შეაქვს დასავლეთის ბაზრებისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირებაში.

ისეთ საერთაშორისო პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ერზრუმი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ასევე TANAP-ი, სამხრეთ კავკასიის მილსადენი, დიდი მნიშვნელობა აქვთ რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით. ინტენსიურად ვმუშაობთ თურქმენეთის გაზის ევროპისკენ ტრანსპორტირების პროექტზე, რომელსაც „თეთრი ნაკადი“ ეწოდება.

გარდა ამისა, საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების უდიდესი პოტენციალი, განსაკუთრებით ჰიდროელექტროენერგიის კუთხით.

ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისა და ქვეყნის მიმზიდველობის ხარისხის ამაღლების მიზნით, მთავრობამ წამოიწყო ცვლილებათა ახალი ტალღა 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში, რაც მოიცავს გადასახადების სისტემის რეფორმას, ღია მმართველობასა და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის გააქტიურებას, საბაზისო ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას და უმაღლესი განათლების რეფორმას“,- აღნიშნა პრემიერმა.