ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პოლიტიკური კომიტეტის სხდომა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პოლიტიკური კომიტეტის სხდომა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს, დღეს პოლიტიკური კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარემ ოიარს ერიკს კალნინსმა (ლატვია) სიტყვით მიმართა. მან ქართულ მხარეს მასპინძლობისა და ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით მადლობა გადუხადა. შემდეგ კი კომიტეტის სხდომის მონაწილეებმა მუშაობის დღის წესრიგი დაამტკიცეს.

კომიტეტის წევრებმა ასევე დაამტკიცეს 2016 წლის 19 და 20 ნოემბერს, თურქეთში, სტამბოლში გამართული პოლიტიკური კომიტეტის სხდომის ოქმი და შენიშვნების გარეშე, მხარი დაუჭირეს ნატოს გენერალური მდივნის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარის კომენტარს, რომელიც მან ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2015 წელს მიღებული რეკომენდაციებთან დაკავშირებით გააკეთა.

პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე მოხსენება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა.

„საქართველოს მთავრობა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა და, რაც მთავარია, საქართველოს ხალხი ძალიან დიდი პატივისცემით უყურებს თქვენს გადაწყვეტილებას სესიის აქ გამართვის შესახებ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება არის ძლიერი მესიჯი მხარდაჭერისა, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მიმართ. 26 წლის წინათ, იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, სწორედ საქართველოს სწრაფვაა შეუერთდეს, უფრო სწორად კვლავ შეუერთდეს, დაბრუნდეს იგი ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ისტორიები, საერთო ღირებულებები, კულტურა და ქართველი ხალხის ეს სწრაფვა არის პოლიტიკური მიზნების გამოხატულება მიუერთდეს ნატოს და ევროპის კავშირს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველომ ბოლო წლებში განახორციელა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, იმისათვის, რომ გამხდარიყო თანამედროვე ევროპული ქვეყანა - ეს ეხება სხვადასხვა მიმართულებით უკვე განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებს.

მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო ის მიღწევები, რომელიც ქვეყანას აქვს და რაც აძლირებს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მისი შეფასებით, უკვე საკმაოდ თვალშისაცემია ის შედეგები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ასოცირების შეთანხმებამ, ღრმა და ყოვლისმომცველმა ხელშეკრულებამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, და სულ ახლახან ამოქმედებულმა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმმა. მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ პროცესებსა და იმ პროგრესზე, რომელიც არსებობს მედიაპლურაზმის და სხვა მიმართულებით.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, იმ ქმედებებზე, რომლებსაც საქართველო ახორციელებს როგორც ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის კუთხით. ისაუბრა საქართველოს მონაწილეობაზე საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების შენარჩუნებას მსოფლიოში.

მან ყურადღება დაუთმო რეგიონულ საფრთხეებს, გამოწვევებს და ისაუბრა იმაზეც, როგორ უწყობს ხელს საქართველო რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას.

მინისტრმა გამოსვლის ნაწილი, ბუნებრივია, დაუთმო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხებს, ოკუპაციას და იმ გამოწვევებს, რომლებიც ოკუპაციიდან გამომდინარე ქვეყნის წინაშე დგას, ასევე ჟენევის ფორმატს და მის დადებით თუ უარყოფით მხარეებს. ისაუბრა ქვეყნის სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკაზე, რომლებიც კვლავაც აქტუალურია. მინისტრის განცხადებით, საჭიროა უფრო მეტი საერთაშორისო ზემოქმედება, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება გახდეს შესაძლებელი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზადაა კონფლიქტების მშვიდობიანი, პოლიტიკური გზებით მოგვარებისათვის და მზადაა ამ მიზნით, სრულყოფილად დაიცვას ყველა საერთაშორისო ვალდებულება და ნორმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხსაც შეეხო.

 „მაპი არ არის მიზანი, ჩვენ გვსურს ნატოს წევრობა, რათა უზრუნველვყოთ სტაბილურობა, უსაფრთხოება და მაღალი განვითარება ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისათვის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა საქართველოს მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე სურს და ეს სრულიადაც არაა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული.

გამოსვლის დასასრულს, მიხეილ ჯანელიძემ ასევე უპასუხა კომიტეტის წევრთა კითხვებს, რომლებიც საქართველოს საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ეხებოდა. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზას ადგას. მისი შეფასებით, კომიტეტის წევრთა მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ნატოში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა. „მტკიცე, პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა ის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იმართება საქართველოში, ეს არის მხარდაჭერა ყველა იმ რეფორმისა და ქმედებისა, რომელსაც საქართველო ახორციელებს", - განაცხადა მინისტრმა.

სხდომაზე განიხილეს გენერალური ანგარიშის პროექტი - „რუსეთი: პარტნიორობიდან კომპეტიტორობამდე", რომელიც გენერალურმა მომხსენებელმა რასა იუკნევიციენემ (ლიტვის რესპუბლიკა) წარადგინა. მისი განცხადებით, საქართველო მათი მხრიდან ნამდვილად იმსახურებს დახმარებას იმ ფონზე, როდესაც რუსეთი მას საფრთხეს უქმნის.

ნატოს პარტნიორობის როლზე უსაფრთხოების ცვალებად გარემოში საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევების გერმანული ინსტიტუტის (SWP) უფროსმა მკვლევარმა მარკუს კაიმიმ ისაუბრა.

გარდამავალ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა კადირ ჰასის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა სოლი ოზელმა (სტამბოლი). 

სხდომაზე ასევე განიხილეს:

ნატოს პარტნიორობის ქვეკომიტეტის ანგარიშის პროექტი - „სამხრეთულ გამოწვევებთან შერკინება" - მომხსენებელი ჟულიო მირანდა კალია (პორტუგალია); 
ტრანსატლანტიკურ ურთიერთობათა ქვეკომიტეტის ანგარიშის პროექტი - „ნატო და უსაფრთხოების საკითხი არქტიკის რეგიონში", - მომხსენებელი ჯერალდ ე. კონოლი (აშშ).
ამით, პოლიტიკური კომიტეტის სხდომამ თბილისში მუშაობა დაასრულა