ნატოს საპარლამენტო ასამბლეა დადებითად აფასებს საქართველოს როლს ევრო–ატლანტიკურ უსაფრთხოებაში

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა დადებითად აფასებს საქართველოს როლს ევრო–ატლანტიკურ უსაფრთხოებაში

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა უაღრესად აფასებს  საქართველოს განგრძობად და მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ავღანეთში  ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიასა და ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მის შთამბეჭდავ  მონაწილეობას; პატივს მიაგებს ავღანეთში  საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა დაღუპულს და  დაჭრილს.

სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას, რომელიც გამოხატულ იქნა, მათ შორის 2015 წლის მაისის ბუდაპეშტში მიღებულ 419-ე დეკლარაციაში ნატო-ს გაფართოების თემაზე და 2016 წლის ნოემბერში სტამბულში მიღებულ 431-ე რეზოლუციაში ნატო-ს ვარშავის შემდგომი თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის თაობაზე; ეფუძნება  2008 წლის 3 აპრილის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის  დებულებებს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა.