ნატოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საკომიტეტო მოსმენები გრძელდება.

ასამბლეის დელეგატებმა, თემატური მიმართულებებით, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მოსმენები და დისკუსიები გამართეს. უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის სხდომაზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემაზე გამართული დისკუსიის პანელზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრს მოუსმინეს.

ქეთევან ციხელაშვილმა კომიტეტის წევრებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ეს ტერიტორია, სწორედ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს წარმოადგენს.

მინისტრის ინფორმაციით, 2008 წლის ომის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დომინირების როლი მკვეთრად გაიზარდა და მისი გავლენა არაერთი ხელშეკრულებით არის გამყარებული, რომლებიც საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირებით არის გაფორმებული. „ყირიმის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ანექსიის შესახებ გზავნილების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, რასაც მოწმობს რეგიონის სახელის გადარქმევის მიზნით ჩატარებული რეფერენდუმიც. სამხრეთ ოსეთის მავთულხლართებით შემოსაზღვრული და ხელოვნური კედლებით გარესამყაროს მოწყვეტილი ტერიტორია, რომელსაც განვითარების არანაირი პერსპექტივა აქვს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის და დისკრიმინაციული მიდგომების ფაქტებიც წარმოადგინა და რუსეთის მიერ პროვოკაციულ ქმედებებზეც ისაუბრა.

მომხსენებელმა არსებული გამოწვევების დასაძლევად, ხელისუფლების მიდგომებზე და სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად პრინციპებზე ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა და პრობლემების მოგვარების მიზნით, სხვადასხვა სოციალურ და საერთაშორისო პროექტზე ისაუბრა. ქეთევან ციხელაშვილმა მოლაპარაკებების და სამშვიდობო მისიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას მიესალმა.

„სამშვიდობო პროცესების სწორად წარმართვაში საერთაშორისო დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველო ვერ მიაღწევდა ვერანაირ წარმატებას, რომ არა თქვენი თანადგომა. როგორც საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებს, ასევე იმ ქვეყნებს, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ, მადლობას გიხდით საქართველოს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა გამოსვლის დასასრულს.

დისკუსიის პანელზე მოხსენებით ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელიც წარსდგა. კესტუტის იანკაუსკასმა მონიტორინგის მისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და მისია, 2008 წლის ომის შემდეგ გაფორმებული შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა და აღნიშნულ რეგიონში იგი ერთადერთ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს, თუმცა მანდატის სრულფასოვნად შესრულება მაინც ვერ ხორციელდება.

„ჩვენ არ გვაქვს წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე და, შესაბამისად, სრული მასშტაბით ვერ ვახორციელებთ ჩვენს საქმიანობას. დღეისთვის ცოტა რთულია წინასწარ განვჭვრიტოთ მოვლენების განვითარება, თუმცა მიმდინარე პერიოდში უსაფრთხოება არის მეტ-ნაკლებად სტაბილური. რუსეთის მხრიდან გრძელდება ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. არის ე.წ. სამხედრო ხელშეკრულებები. ეს ყველაფერი ხელს არ უწყობს კონფლიქტის გადაჭრას", - აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა. გამოსვლების შემდეგ, საკომიტეტო მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარესაც მოუსმინეს. ანა ნაცვლიშვილმა ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის და სამართლის უზენაესობის შესახებ მოხსენება წარმოადგინა და სამართლებრივი სისტემის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, საქართველოში სამართლებრივი სისტემა ბოლო ოცი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა და აღნიშნული პროგრესი ქვეყნის გარეთაც სათანადოდ ფასდება, თუმცა რჩება მთელი რიგი გამოწვევები, რომლებიც ცვლილებებს და რეფორმირებას საჭიროებენ. მომხსენებელმა ამ კუთხით ყურადღება სასამართლო ხელისუფლების და სამართალდამცავი ინსტიტუტების (პროკურატურა, პოლიცია) მისამართით გაამახვილა და მისი ორგანიზაციის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.

ანა ნაცვლიშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის საკითხებსაც შეეხო და კონსტიტუციური კანონპროექტის მნიშვნელობაც მიმოიხილა. საიას მიერ მომზადებულ მოხსენებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია არის ის ქვაკუთხედი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს.

„მინდა მიმოხილვა გავაკეთო, თუ რა პროგრესია საქართველოში დემოკრატიის მიმართულებით. ჩვენ ვაჩვენეთ პოლიტიკური ნება სხვადასხვა კუთხით. ადამიანის უფლებები, დემოკრატიზაცია არის ქვაკუთხუდები დემოკრატიის, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენს ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, განაგრძოს ამ კუთხით მოძრაობა. სასამართლო სისტემის შეცვლას დრო და მუშაობა სჭირდება, თუმცა ჩვენ სწორი გზით მივდივართ. ვცდილობთ შევცვალოთ არა მხოლოდ სასამართლო სისტემა, არამედ ინსტიტუციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაცისთვის. ამ მიმართულებით არაერთი რეფორმა განხორციელდა და მისი შედეგი ჩვენი პარტნიორების მიერ სწორად იქნა შეფასებული, ამის ერთ-ერთი შედეგი კი უვიზო რეჟიმის შემოღებაა. ბევრი ანგარიშია, სადაც ასახულია ჩვენს მიერ მიღწეული სერიოზული პროგრესი", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა „შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის დამყარებაზე", „ომი სირიასა და ერაყში: ჰუმანიტარული ასპექტები" და „სოციალური მედიის რევოლუცია: შედეგები პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით" მოხსენებები მოისმინეს.

დღევანდელი მოსმენებით საკომიტეტო სხდომები დასრულდა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ხვალ პლენარული სხდომით დასრულდება, რომელზეც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერი დეკლარაციის მიღება იგეგმება.