ის რეფორმები, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ, შეადგენს უწყვეტ გზას და ჩვენ მომავალშიც გაგიწევთ პარტნიორობას ამ გზაზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, ანდრეა ტომპსონიმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე: “აღმოსავლეთ სამეზობლო 2017” განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს მკაფიოდ გაცხადებული პრიორიტეტები. ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსა და უკრაინასთან და მხარს ვუჭერთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს რეფორმებისა და პროგრესის უზრუნველყოფის კუთხით ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითის კვალდაკვალ. ახლა ამ გზას წარმატებით გადიან საქართველო და უკრაინა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რამდენის მიღწევა შეიძლება, როცა მტკიცედ მიყვები დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სხვა იდეალების გზას, რომელთაც ჩვენ ვიზიარებთ.
ის რეფორმები, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ, შეადგენს უწყვეტ გზას და ჩვენ მომავალშიც გაგიწევთ პარტნიორობას ამ გზაზე, რომელიც ეფუძნება დემოკრატიულ იდეალებს, რეფორმებს და თქვენს მისწრაფებებს ევროკავშირისა და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. ეს კი ცალსახად წარმოადგენს ჩვენი ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს”, - აღნიშნა ტომპსონმა.