ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მთავარი მესიჯი არის ის, რომ საქართველო ჩვენი პარტნიორია, რომელსაც ძალიან ვაფასებთ, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ესპანეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა რიკარდო ტარნომ.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება, ცხადყოფს იმას თუ როგორ აფასებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
„ჩვენი მთავარი მესიჯი ასევე არის ის, რომ შევახსენოთ საქართველოს, რომ მას დასავლეთში, დასავლურ დემოკრატიებში მეგობრები ჰყავს“, - აღნიშნა რიკარდო ტარნომ.
მან ასევე ისაუბრა საქართველოს დემოკრატიზაციის დონეზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო წინ მიიწევს დემოკრატიის ხარისხის სტანდარტების შესაბამისად და რომ რეგიონში საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
„რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, საქართველოს კიდევ მოუწევს პროგრესის ჩვენება და წინსვლა. ჩემმა ქვეყანამ, ესპანეთმაც გაიარა ეს გზა და სანამ ნატო-ში მიგვიღებდნენ, გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოგვიწია“, - განმარტა ესპანეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.
„რუსეთი საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის წარმოადგენს. როგორც ბოლო პერიოდში ვხედავთ, რუსეთის მხრიდან ეს საფრთხე დასავლურ დემოკრატიებზეც ვრცელდება. დემოკრატიულ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობები ამის დასტურია. ამიტომაც, მოკავშირეები მტკიცედ უნდა ვიდგეთ ამ საფრთხის წინაშე და ამავდროულად დიალოგის რეჟიმში ვიყოთ რუსეთის ხელმძღვანელობასთან“, - განაცხადა რიკარდო ტარნომ.
ის ასევე შეეხო საქართველო-ესპანეთის ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ ამ ურთიერთობების გაღრმავება მოხდება. „ჩვენი ურთიერთობები პირველ რიგში ადამიანურია. ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს ესპანეთში. ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები“, - განაცხადა მან.