აჯობებდა მინისტრ ჯანელიძეს ზომიერად ვარდისფერ ფერებში დაეხატა საქართველოში არსებული მდგომარეობა და თავს ნაკლებად უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ”ევროპული საქართველოდან” გიორგი კანდელაკმა განუცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვიდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე, რის შემდეგაც დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.
პორტუგალიელი დეპუტატის კითხვის პასუხად, რომელიც სასამართლო სისტემაში მედიაპლურალიზმსა და ოპოზიციასთან დიალოგის სფეროებში გაუმჯობესების აუცილებლობას ეხებოდა, მინისტრმა ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ გაატარა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის სამი ტალღა, რამაც გაათავისუფლა სასამართლო და დღეს სასამართლოში ისეთი სტანდარტებია, რომელიც ზოგ დასავლურ ქვეყანაშიც არ არის.
რაც შეეხება მასმედიას, ჯანელიძის თქმით, პოლიტიკური ოპონენტებისთვის სრული ხელმისაწვდომობაა საინფორმაციო საშუალებებზე და მედია საქართველოში დამოუკიდებლად მუშაობს.
პოლიტიკური დიალოგის კონტექსტში კი ჯანელიძემ საუკეთესო მაგალითად დაასახელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელშიც როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართული.
ჯანელიძეს გამოეხმაურა ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, არ უნდა სხდომაზე შიდაპოლიტიკურ წინააღმდეგობებზე ისაუბროს, მაგრამ რამდენიმე საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყურადღების მიქცევას. კერძოდ, მედიის თავისუფლებაზე საუბრისას კანდელაკმა აღნიშნა, რომ ერთადერთი არხი, რომელსაც მთავრობა ვერ აკონტროლებს, არის ”რუსთავი2” და ბიძინა ივანიშილი აპირებდა ამ ტელევიზიასთან მიმართებაში იგივე გაეკეთებინა, რაც პუტინმა НТВ-სთან მიმართებაში გააკეთა და პირველად ისტორიაში ევროსასამართლოს მოუწია ჩარევა და აღსრულების შეჩერება.
კანდელაკმა ისაუბრა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობაზე და ამ კონტექსტში ოპოზიციონერ დეპუტატებზე სპორტსმენების თავდასხმის ფაქტი გაიხსენა. საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას კი ხაზი გაუსვა უსამართლო ე.წ. ბონუსსისტემას.
პოლიტიკური კომიტეტის სხდომის მიმდინარეობა როგორც ჯანელიძემ, ისე კანდელაკმა შემდეგ მედიასთან შეაფასეს. ”ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაზე არსებულ დემოკრატიულ პროცესებზე, იმ პროგრესზე, რომელიც არსებობს მედიაპლურალიზმის მიმართულებით. იყო გარკვეული განცხადებები გაკეთებული ისევ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლის მხრიდან. კონკრეტულად გიორგი კანდელაკის მხრიდან იქნა გამოთქმული პრეტენზიები. რა თქმა უნდა ასეთი ღია დისკუსია კარგია, მაგრამ ალბათ სუბიექტური არ უნდა იყოს შეფასებები და მოსაზრებები, რომელიც აზიანებს ქვეყანას, მის იმიჯს, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, კარგად გაიაზროს ფორმატი და მესიჯები”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
თავის მხრივ კანდელაკმა აღნიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა არ არის ის ფორმატი, სადაც სრული მასშტაბით უნდა იყოს შიდა პოლიტიკური დისკუსიები, თუმცა, „სამწუხაროდ მინისტრმა ჯანელიძემ იმდენად ვარდისფერ ფერებში დახატა საქართველოში არსებული სიტუაცია, რომ უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩაიყენა თავი“.
”საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ არიან ციდან ჩამოფრენილნი. მათ იციან საქართველოში არსებული სიტუაცია. ხვალ ასამბლეა მიიღებს დეკლარაციას, რომელშიც მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ ამავე დროს გარკვეულ შენიშვნებსაც გამოთქვამს”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.