პაოლო ალი:  დონალდ ტრამპი უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი

პაოლო ალი: დონალდ ტრამპი უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი

დონალდ ტრამპი უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი. ის ფიქრობს, რომ პუტინთან საუბრით გადაჭრის პრობლემებს. მე კი ვფიქრობ, რომ ასე არ მოხდება. არც აშშ-ის კონგრესი ფიქრობს, რომ ეს გამოვა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ საერთაშორისო პოლიტიკასა და რუსეთის ფაქტორზე საუბრისას განაცხადა.

”ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი დაინტერესდა თუ რა პოზიცია აქვთ აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთთან მიმართებაში და არის თუ არა მათი შეხედულებები თანხვედრაში, ამასთან, მოსალოდნელია თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა.

”არსებობს სხვადასხვა მიდგომა. სანქციების მოხსნა?! - არა მგონია, აშშ-მ სანქციები მოუხსნას რუსეთს. აშშ-ის კონგრესი მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ეს უფრო მიდგომების საკითხია. ტრამპი ამბობს, რომ არ უნდა ვიყოთ რუსეთის წინააღმდეგ, რომ რუსეთი პრობლემების გადაჭრის ნაწილი უნდა იყოს. ევროკავშირი კი ამბობს, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს საზღვრებთან, სულ სხვა ისტორიაა. ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო რუსეთიდან ევროპული პარტიების დაფინანსების წინააღმდეგ, პირველად მოხდა. ეს კი ნიშნავს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები აღშფოთებულნი არიან რუსეთის მიერ ევროპაში გავლენის მოხდენით. ევროპამ კარგად იცის რუსეთთან არსებული სიტუაცია. დონალდ ტრამპი უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი. ის ფიქრობს, რომ პუტინთან საუბრით გადაჭრის პრობლემებს. მე კი ვფიქრობ, რომ ასე არ მოხდება. არც აშშ-ის კონგრესი ფიქრობს, რომ ეს გამოვა”, - განაცხადა პაოლო ალიმ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი ქმნის კრიზისულ სიტუაციებს, რათა ამ პრობლემების გადაჭრის ნაწილი გახდეს. ”- ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთი თვითონ ქმნის საერთაშორისო კრიზისული სიტუაციების კერებს, რათა მერე მათი გადაჭრის განუყოფელი ნაწილი გახდეს. შესაბამისად, დასავლეთს ყოველთვის მოუწევს რუსეთთან დიალოგის რეჟიმში ყოფნა... ალბათ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ეს მიდგომა არ შეიცვლება ახლო მომავალში...

-შესაძლოა. რუსეთი ასევე პროპაგანდას აწარმოებს, რათა გავლენა მოახდინოს დასავლურ ქვეყნებზე. ყველა ეს კონფლიქტი - საქართველოში, უკრაინაში, დნესტრისპირეთში, რუსეთის მიერ იყო შექმნილი იმ მიზეზით, რომელიც თქვენ ახსენეთ. უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს მინსკის შეთანხმებები. რუსეთი არ ასრულებს მათ. საერთაშორისო საზოგადოება კვლავ განაგრძობს რუსეთთან მიმართებაში სანქციების გამოყენებას. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მეტისმაც განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას არ ექნება ადგილი, ვიდრე მინსკის შეთანხმებები არ შესრულდება. აშშ მტკიცედ გამოდის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, თქვენ მართალი ბრძანდებით. რუსეთი ქმნის კრიზისულ სიტუაციებს, რათა ამ პრობლემების გადაჭრის ნაწილი გახდეს, მაგრამ ეს რეალობაა, რომლის წინაშე ვდგავართ”, -განაცხადა პაოლო ალიმ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.