რეზოლუციაში, რომელსაც ორშაბათს მივიღებთ, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ MAP-თან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგას

რეზოლუციაში, რომელსაც ორშაბათს მივიღებთ, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ MAP-თან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგას

ჩვენს რეზოლუციაში, რომელსაც ორშაბათს მივიღებთ, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ MAP-თან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგას, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ნატო-სგან უახლოეს მომავალში.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა კონკრეტული დრო არაა ცნობილი. მისივე თქმით, ამავე კონტექსტში გასათვალისწინებელია საერთაშორისო გარემო და კონკრეტულად რუსეთის ფაქტორი.

”საუბარია MAP-ზე (წევრობის სამოქმედო გეგმა). ამ გადაწყვეტილებას ნატო მიიღებს. ჩვენს რეზოლუციაში, რომელსაც ორშაბათს მივიღებთ, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ MAP-თან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მომავალში გახდება ნატო-ს წევრი. რაც შეეხება დროის ჩარჩოებს, ჯერ ცხადი არაა, თუ როგორ განვითარდება პროცესი. თუმცა, საბოლოო პუნქტი არის ის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ჩვენ უნდა დავაჩქაროთ პირობები, შევქმნათ ის პირობები, რაც ამას შესაძლებელს გახდის უახლოეს დროში.

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო გარემო. ამ კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ვფიქრობ, რუსეთში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დავინახავთ. ჩემი აზრით, პუტინი დღეს სიტუაციას ძაბავს, ვინაიდან მას ქვეყნის შიგნით მხარდჭერა სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქნება არჩეული პუტინი. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის შიდა პოლიტიკა ძალიან დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკასთან. მე არ ველოდები, რომ ადგილი ექნება მნიშვნელოვან ცვლილებებს პუტინის საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ის მზარდი დაძაბულობა, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნებთანაა დაკავშირებული. არ ვფიქრობ, რუსეთს იმდენი ძალა გააჩნია, რომ ეს კონფლიქტები ღიად დატოვოს. ის ახლა ჩართულია სირიაში, ლიბიაში მიმდინარე მოვლენებში, განიცდის ეკონომიკურ კრიზისს..”, - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ.