რუსეთი უნდა დაუბრუნდეს ოფიციალურად აღიარებულ საზღვრებს

რუსეთი უნდა დაუბრუნდეს ოფიციალურად აღიარებულ საზღვრებს

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთი უნდა დაუბრუნდეს ოფიციალურად აღიარებულ საზღვრებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ განაცხადა.

როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია თბილისში ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ნატო და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. პაოლო ალის შეფასებით, ის მოვლენები და პროცესები, რაც რეგიონში ხდება, მნიშვნელოვანია მთლიანად დასავლური ქვეყნებისთვის.

”ჩვენ ვაღიარებთ იმ წარმოუდგენელ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში აჩვენა დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. საქართველოს შთამბეჭდავი შედეგები აქვს. ვფიქრობ, ჩვენი აქ ყოფნა ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას. ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ თქვენს რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს სტაბილურობა არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ყველა დასავლური ქვეყნისთვის - ის, რაც რეგიონში ხდება მნიშვნელოვანია, თუკი გავითვალისწინებთ რუსეთის აგრესიულ საქციელს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ეს კონფლიქტები ყველასთვის წარმოადგენს საფრთხეს. შესაბამისად, ჩვენი მესიჯი ის არის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთი უნდა დაუბრუნდეს ოფიციალურად აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ მტკიცედ ვართ მოწოდებული, დავიცვათ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიის განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით”, - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ.