ირაკლი სესიაშვილი:  ნატო-ს ყოველდღიურ ცხოვრებაში საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული

ირაკლი სესიაშვილი: ნატო-ს ყოველდღიურ ცხოვრებაში საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული

ნატო-ს ყოველდღიურ ცხოვრებაში საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გუშინ, ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს აქვს უპირატესი შესაძლებლობა, როდესაც მასპინძლობს ამ შეხვედრას, ფართო სპექტრზე იყოს საუბარი.

"ცხადია ჩვენ გვინდა, რომ ეს ფორმატები უფრო მეტად გამოვიყენოთ, უფრო მეტი ინსტრუმენტი გაჩნდეს, რაც გაგვიმყარებს ჩართულობას ნატო-ს საქმიანობაში. ზოგადად, ნატო-ს ყოველდღიურ ცხოვრებაში საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული, წევრობის სტატუსის გარდა თითქმის ყველაფერში ვმონაწილეობთ ყველა დონეზე",- განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრის ფარგლებში ღიად და თავისუფლად იქნება საუბარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე. "ჩვენ ყველგან, რეზოლუციებსა და პოლიტიკური განცხადებების დონეზე ვისმენთ, რომ საქართველოს გააჩნია ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის. რას ნიშნავს ეს: ჩვენ გვაქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ნატო-საქართველოს კომისია და ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო კომისია. სწორედ ამ კომისიის ფარგლებში ვიმსჯელებთ სხვადასხვა საკითხზე. ეს კომისია შეიქმნა 2010 წელს. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ცვლილებები შევიდა კომისიის მუშაობის ფორმატში და ჩვენ ეს გავაფართოვეთ. 2013 წლიდან შევთანხმდით, რომ უმაღლეს დონეზე უნდა ჩატარებულიყო მსგავსი შეხვედრები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ ასამბლეა აქ ტარდება და ვატარებთ შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც ღიად და თავისუფლად ვმსჯელობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე, იმ შესაძლებლობლებზე თუ როგორ შეიძლება ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტარებმა მხარი დაუჭირონ საქართველოს. ჩვენ ამისთვის ვცდილობთ გამოვძებნოთ სხვადასხვა საშუალება - ეს არის მეტი ჩართულობა საკომიტეტო საქმიანობაში, ჩვენი მეტი მონაწილეობა სხვადასხვა ფორუმებზე, ჩვენს მიერ ინიცირებულ დეკლარაციებში საქართველოს მეტი მხარდამჭერი განცხადების დაფიქსირება",- განაცხადა სესიაშვილმა.