„ყველა სირთულის მიუხედავად, ქართველი ხალხის თავდადების წყალობით, ვაგრძელებთ წინსვლას ჩვენი ქვეყნის გაძლიერების, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების, ევროპულ ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართულებით",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 26 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძე მიღებას პარლამენტის წევრებთან და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პაოლო ალისთან ერთად დაესწრო. პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და პარლამენტის სახელით, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 26 წლის წინ ქართველმა ხალხმა ბრძოლითა და თავდადებით აღიდგინა დაკარგული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და თავისუფალი საქართველოს იდეის სწამდათ. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ დღეს, პატივი უნდა მივაგო იმ ადამიანებს, რომლებიც, საბჭოთა რეჟიმის პირობებში, ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებისთვის შრომობდნენ და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ.
„ამ დღეს, 26 მაისს, ჩვენი ვალია, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის, დისიდენტებს, რომლებსაც სჯეროდათ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის და არ თმობდნენ ოცნებას თავისუფალ საქართველოზე. 9 აპრილის გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულ გმირებს,რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოს ღირსების, თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში. ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მივაგოთ პატივი ყველა იმ ადამიანს, რომელიც საბჭოთა რეჟიმის პირობებში თავდაუზოგავი შრომით ავითარებდა ქართულ კულტურას, მეცნიერებას და თავისი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ ამ უდიდეს მონაპოვარს და ყოველდღიური შრომით განვამტკიცოთ ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყნის მიერ განვლილ ბოლო 26 წელიწადზეც. მისი თქმით, ქართველი ერის მიერ გამოვლილი სამოქალაქო ომის,ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად, საქართველო წინსვლას აგრძელებს.
„90-ანი წლების დასაწყისიდან ჩვენ ურთულესი 26 წელი გამოვიარეთ. ეს წლები იყო აღსავსე უამრავი სირთულითა და ტკივილით. ჩვენ გამოვიარეთ სამოქალაქო ომი, ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე, თუმცა,ყველა სირთულის მიუხედავად, ქართველი ხალხის თავდადების წყალობით, ვაგრძელებთ წინსვლას ჩვენი ქვეყნის გაძლიერების, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების, ევროპულ ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართულებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და საქართველოს მეგობარ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ დაიწყო მუშაობა.
„სიმბოლურია, რომ დღეს საქართველოში გაიხსნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეზე და აღნიშნა, რომ „ვეფხისტყაოსანი" იმ მთავარი ღირებულებების სიმბოლოა, რომელსაც ქართული თვითმყოფადობა ეფუძნება.
„წელს საქართველო აღნიშნავს უდიდესი ქართველი მოაზროვნის, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს. შოთა რუსთაველი და მისი უკვდავი ქმნილება „ვეფხისტყაოსანი" არის სიმბოლო იმ მთავარი ღირებულებების, რომლებსაც ქართული თვითმყოფადობა საუკუნეების მანძილზე ეფუძნება. ეს არის სიყვარული, ერთგულება, სამართლიანობა. ამ ღირებულებებით ქართველი ხალხის მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისკენ წინ ვერაფერი აღუდგება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, სირთულეების მიუხედავად, საქართველომ განვითარება განაგრძო და მას ამ გზაზე, მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყნები ედგნენ გვერდით.
სირთულეების მიუხედავად, ჩვენ განუხრელად ვავითარებდით ჩვენს ქვეყანას, როგორც დემოკრატიულ, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებულ თავისუფალ სახელმწიფოს. ამ გზაზე ჩვენ მარტო არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით ჩვენს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და მხარდამჭერებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე კიდევ მრავალი წარმატების და გამარჯვების საწინდარია",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებით, ქართველი ერის ისტორიული მიზანი რეალობად იქცა.
„სახელმწიფოებრიობის აღდგენა იყო ის ერთადერთი საშუალება, რომ თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი ქვეყანა შექმნილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს 26 წელი საკმაოდ მძიმე იყო, დღეს ქართული სახელმწიფო წინ მიდის, ვითარდება და მტკიცედ ადგას დემოკრატიზაციის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. დღეს ჩვენ შეგვწევს ძალა, არა მარტო გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს, არამედ სწრაფად განვავითაროთ ქვეყანა და მივაღწიოთ ახალ და ახალ წარმატებებს",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა.