დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს

დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს

დღეს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღეს ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიალზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულია იმით, რომ ამ დღეს ჩვენ ვუძღვნით შოთა რუსთაველს და მის უკვდავ „ვეფხისტყაოსანს“.

”ჩვენ მსოფლიოს უდიდესი საგანძურის პატრონი ერი ვართ და, როგორც რუსთაველის შთამომავლები, ვალდებული ვართ, ვუერთგულოთ და ვიცხოვროთ იმ ღირებულებებით, რომელიც 850 წელს ითვლის.

ალბათ, ამიტომაცაა, რომ ქართველი კაცის გაუტეხელობამ, ღირსებამ, სიმამაცემ, თავგანწირვამ და რაინდობამ სამშობლო შეგვინარჩუნა. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს.

დღევანდელ დღეს მინდა ქედი მოვიხარო სამშობლოსთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების წინაშე და პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას”, - აღნიშნა პრემიერმა.