მოთმინებით ველოდებით იმ წუთებს, როდესაც ევროკავშირი და ნატო გადაწყვეტს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, მტკიცე, საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანებით

მოთმინებით ველოდებით იმ წუთებს, როდესაც ევროკავშირი და ნატო გადაწყვეტს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, მტკიცე, საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანებით

ჩვენ მოთმინებით ველოდებით იმ წუთებს, იმ მომენტს, როდესაც როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო გადაწყვეტს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, მტკიცე, საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მარგველაშვილმა შეკრებილებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე გაამახვილა ყურადღება.

”დღეს ამ საზეიმო ტრიბუნიდან, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ძირითად ღირებულებებს, რის ირგვლივაც გაერთიანებულია ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო. პირველ რიგში, მრავალეროვანი საქართველოს სახელით, მინდა დავუდასტურო ყველას, ჩვენს დევნილ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზს მიღმა, რომ ქართული სახელმწიფო არც ერთი ნაბიჯით არ დაიხევს უკან ქვეყნის გამთლიანების, ტერიტორიული მთლიანობის გზაზე. რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველაზე ძლიერი იარაღით, რაც ძლიერი, წარმატებული საქართველოს მშენებლობით გამოიხატება. ეს მიზანი იქნება მიღწეული მშვიდობით და არა იარაღის ხარჯზე. დღესვე მინდა ხელახლა დავადასტურო, რომ ის შეკვეთა, რომელსაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში აძლევს ქართულ სახელმწიფოს, შეკვეთა, რომელიც ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას გულისხმობს, იქნება წარმატებით მიღწეული. ქართული სახელმწიფო მტკიცედ დგას ამ გზაზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით იმ წუთებს, იმ მომენტს, როდესაც როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო გადაწყვეტს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, მტკიცე, საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანებით. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ქართველი ხალხის ურყევი ნება, ააშენოს ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ჩვენს კულტურას, ჩვენს საზოგადოებას მისცემდა შესაბამის პოლიტიკურ ინსტიტუტებს, გააძლიერებდა ჩვენ პოლიტიკურ მრავალფეროვანებას და შექმნიდა ჭეშმარიტად მრავალი, სხვადასხვა ხმისგან ერთიან პოლიტიკურ პროცესს. სამივე ეს მიზანი არის გაერთიანებული და ერთმანეთის შემავსებელი. სამივე ეს მიზანი აერთიანებს ერთიან სწრაფვას ჩვენი ერისა. მაგრამ ის, რაც არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და რაც ამას აზრს აძლევს, არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.