საქართველოს დაცვით და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, გარკვეულწილად, ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ

საქართველოს დაცვით და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, გარკვეულწილად, ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ

საქართველოს დაცვით და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, ჩვენ გარკვეულწილად, ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ალიმ აღნიშნა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში იმყოფება იმისთვის, რომ თვალსაჩინო გახადოს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას საქართველოს სრულ მხარდაჭერას.

”ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან ბევრი სამუშაო გასწია, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოების, უშიშროების კუთხით, განსაკუთრებით ავღანეთში, საერთაშორისო მისიების კუთხით. მართლაც ძალიან დიდი წვლილია შეტანილი ქართველი ჯარისკაცების მხრიდან. ჩვენ უფრო მეტად და მეტად გვესმის, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის და ამ რეგიონის სტაბილურობას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ყველა ქვეყნისთვის. საქართველოს დაცვით და მხარდაჭერით, მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, გარკვეულწილად ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ. სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქ ჩამოსვლა. როგორც წესი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიები არ იმართება ნატო-ს არაწევრ ქვეყნებში. ეს მხოლოდ მეხუთედ ხდება მთელი ისტორიის განმავლობაში, შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი საშუალება იმის სათქმელად და გამოსახატად, თუ რამდენად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას საქართველოს რეფორმირების გზაზე”, - განაცხადა პაოლო ალიმ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოს პოზიცია უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

”ძალიან ბევრი რამ იცვლება, სამყაროში და იხსნება ახალი ჰორიზონტები, რომელიც მოიცავს და ეხება ირანს, ჩინეთს და სხვა. მაგრამ საქართველოს პოზიცია ამ გეოპოლიტიკურ გარემოში უფრო და უფრო მაღლდება და მნიშვნელოვანი ხდება. ასე, რომ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ თქვენს ევროპულ მისწრაფებას და ჩვენი აქ ყოფნა კიდევ ერთი დემონსტრაციაა ამის”, - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.