თუ კონსტიტუცია არ არის კონსენსუსზე დაფუძნებული, რაც არ უნდა გამართული იყოს სამართლებრივად, ვერ იქნება ლეგიტიმური სახის დოკუმენტი

თუ კონსტიტუცია არ არის კონსენსუსზე დაფუძნებული, რაც არ უნდა გამართული იყოს სამართლებრივად, ვერ იქნება ლეგიტიმური სახის დოკუმენტი

თუ კონსტიტუცია პოლიტიკურად არ არის კონსენსუსზე დაფუძნებული, რაც არ უნდა კარგად გამართული იყოს სამართლებრივად, ვერ იქნება მდგრადი, ლეგიტიმური სახის დოკუმენტი, რომელსაც ექნება ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი აცხადებს.

ბოძაშვილის განმარტებით, კონსტიტუცია არის ერთადერთი სამართლებრივი აქტი, რომელიც ეფუძნება ლეგიტიმაციის ორ ძირითად პრინციპს. ერთი ეს არის ის, რომ უნდა იყოს მიღებული სამართლებრივად დადგენილი წესების საფუძველზე და მეორე, ის უნდა იყოს პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თქმით, სწორედ ამიტომაც მოუწოდა ვენეციის კომისიის მდივანმა ბერლინში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, პოლიტიკურ აქტორებს კონსენსუსისკენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იყო, არის ის, რომ ვენეციის კომისიის მდივანმა მოუწოდა პროცესში ჩართულ ყველა პირს, პირველ რიგში, პოლიტიკურ აქტორებს, რომ შედგეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც დაეფუძნება კონსენსუსს. კონსტიტუცია არის ერთადერთი სამართლებრივი აქტი, რომელიც ეფუძნება ლეგიტიმაციის ორ ძირითად პრინციპს. ერთი ეს არის ის, რომ ის უნდა იყოს მიღებული სამართლებრივად დადგენილი წესების საფუძველზე და მეორე, ის უნდა იყოს პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი. ცალკე აღებული ერთი ან მეორე კრიტერიუმის დაკმაყოფილება, კონსტიტუციას როგორც ძირითად, განმსაზღვრელ დოკუმენტს ხდის არაეფექტურს. კონსტიტუაცია გახლავთ თამაშის ის წესები, რომელზეც თანხმდება მთელი პოლიტიკური სპექტრი ქვეყანაში, საზოგადოების ყველა ნაწილი, დაწყებული პროფკავშირებიდან, დამთავრებული არასამთავრობო სექტორით, პოლიტიკური პარტიებით. შესაბამისად, ის უნდა იყოს საერთო კონსენსუსის, საერთო ინტერესების დოკუმენტი. სწორედ ამიტომ არის, რომ ვენეციის კომისია მოუწოდებს ყველა აქტორს, რომ ეს იყოს კონსენსუსის საფუძველზე მიღებული კონსტიტუცია. 
ამერიკის კონსტიტუცია 230 წლის განმავლობაში მხოლოდ 27-ჯერ შეიცვალა, მაშინ, როცა საქართველოს კონსტიტუციამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ცვლილება განიცადა 30-ზე მეტჯერ. რატომ არის ამერიკის კონსტიტუცია ასეთი მდგრადი დოკუმენტი? - იმიტომ, რომ ის ლეგიტიმაციის ორივე - პოლიტიკურ და სამართლებრივ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ამიტომ თუ კონსტიტუცია პოლიტიკურად არ არის კონსენსუსზე დაფუძნებული, ის რაც არ უნდა კარგად გამართული იყოს სამართლებრივად, ვერ იქნება მდგრადი, ლეგიტიმური სახის დოკუმენტი, რომელსაც ექნება ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ ბერლინში გამართულ კონფერენციას, რომელზეც საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს, უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, მასზე მუხლობრივად იქნა განხილული ბევრი ცვლილება, თუმცა ბოძაშვილი ხაზს უსვამს, რომ „ბერლინის შეხვედრა იყო არა შეფასებითი, არამედ განხილვის ტიპის კონფერენცია“.

„ვენეციის კომისია წინასწარ, იქამდე, ვიდრე დასკვნა არ იქნება პლენარულ სხდომაზე მიღებული კენჭისყრის საფუძველზე, არ ახდენს თავისი წინასწარი შეფასებების გასაჯაროვებას“, - აღნიშნავს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.