სოფიო ქაცარავამ მედიის წარმომადგენლებისთვის სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში

სოფიო ქაცარავამ მედიის წარმომადგენლებისთვის სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში" მედიატური გამართა

26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს, რომელიც სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში" გაიმართება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის სასტუმროში მედიატური გამართა და მათ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს 600-მდე სტუმარი ეწვევა, მათ შორის იქნებიან ნატოს წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

„ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი მასშტაბური და მაღალი დონის ღონისძიების მასპინძლობა. ეს არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გზავნილი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაცხადებული გვაქვს ძალიან მკაფიო გზავნილი ჩვენს საგარეო ვექტორთან დაკავშირებით, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაა. ეს ნატოს მხრიდან არის საქართველოს ცალსახა მხარდაჭერა ამ მიმართულებით. ველოდებით, რომ დეკლარაციაც, რომელსაც 29 მაისს მივიღებთ, სწორედ ჩვენი საგარეო კურსის მხარდამჭერი იქნება", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისივე თქმით, საქართველოს ნატოსთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს და ეს ასამბლეაც სწორედ ამის დასტურია.

„ჩვენ ყველანაირი პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. არსებობს სხვადასხვა ინსტრუმენტები. ამ დღეებში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ უფრო მეტად ჩვენი და ნატოს ურთიერთობები. გარდა პოლიტიკური მნიშვნელობისა, ეს არის კარგი პლატფორმა საპარლამენტო ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის", - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, რაც საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის წარმომადგენლებთან.

სესიის ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პრესკონფერენციებია დაგეგმილი.

29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართება. სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიმართავენ. ასევე, დელეგატებს სიტყვით მიმართავენ ასამბლეის თბილისის სესიაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტენმიულერი და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბი.

პლენარული სხდომის დასასრულს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.