თამარ ჩუგოშვილი უცხოელ სტუდენტებს შეხვდა

თამარ ჩუგოშვილი უცხოელ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი დღეს საქართველოში ოცზე მეტ სტუდენტ მკვლევარს შეხვდა გერმანიიდან და შვეიცარიიდან.

მერკატორის კოლეჯის სტუდენტებმა არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს, როგორც რეგიონში გამორჩეულად პროგრესულ ქვეყანაზე, რომელიც ვითარდება და წინ მიდის. სტუდენტების ჯგუფს თან ახლდა გერმანიის ყოფილი ელჩი აშშ-ში კლაუს შარიოტი და შვეიცარიელი დიპლომატი ჯორჯ მარტინსი.

თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრაზე ამომწურავად ისაუბრა საპარლამენტო საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, პარლამენტის როლზე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში მიღწეულ პროგრესზე, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და რეფორმების შესახებ.

მან უპასუხა ევროპელი სტუდენტების მრავალრიცხოვან შეკითხვებს, რომლებიც საკონსტიტუციო რეფორმას, ქვეყანაში ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას და გენდერული თანასწორობის საკითხებს შეეხებოდა. კითხვები დაისვა ასევე საპარლამენტო საქმიანობისა და საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა საქართველოს პარლამენტის სასახლე დაათვალიერეს.