საქართველოს პარლამენტს ასოცირების ხელშეკრულების შესახებ შექმნილი ვებპორტალი www.aa.ge ერთობლივ მართვაში გადაეცა

საქართველოს პარლამენტს ასოცირების ხელშეკრულების შესახებ შექმნილი ვებპორტალი www.aa.ge ერთობლივ მართვაში გადაეცა

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპული ოჯახისკენ. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც არის ნამდვილად უნიკალური თავის შინაარსით",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რედისონ ბლუ ივერიაში", სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველომ" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ასოცირების ხელშეკრულების შესახებ შექმნილი ვებპორტალი www.aa.ge საქართველოს პარლამენტს ერთობლივ მართვაში გადასცა.

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორის, ქეთი ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო და ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგში ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო" თავიდანვე ჩაერთო. ქეთი ხუციშვილმა ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების როლსა და ვებპორტალის მნიშვნელობაზე.

ვებპორტალი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უშუალოდ პარლამენტის ხელში, რომ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობა მოახდინოს. იგი მისცემს პარლამენტს საშუალებას, მთავრობის საქმიანობაზე ზედამხედველობა გაამარტივოს. ამავე დროს, ვებპორტალი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება სამოქალაქო საზოგადოების ხელშიც, მედიისთვის და მოქალაქეებისთვის. ერთის მხრივ, ეს იქნება ინფორმაციის წყარო, რომ სრულად გავერკვეთ ყველა იმ ნაბიჯში, რომელიც გადასადგმელია ან გადაიდგმება, მის საჭიროებაში და მის მნიშვნელობაში მომავლისთვის. ამავე დროს, ის თითოეულ მოქალაქესაც მისცემს საშუალებას, რომ გარკვეული მონიტორინგი მოახდინოს სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაზე.

მოხარულები ვართ, რომ დღეს გვექნება საშუალება, ერთობლივ საკუთრებაში გადავცეთ ვებპორტალი საქართველოს პარლამენტს, უშუალოდ კი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, რომელსაც ძალიან ბევრი საქმე იქნება 2020 წლამდეც და მომავალშიც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით", - განაცხადა ფონდ „ღია-საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა.

დამსწრეებს მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელმაც მათ შეახსენა, რომ 26 მაისს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 26 წლისთავი აღინიშნება და განაცხადა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეა პირდაპირ კავშირშია ევროპული ოჯახისკენ სწრაფვასთან.

„ჩვენთვის ევროინტეგრაცია არის უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნება, ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის ნება და მთავრობის ვალია, რომ ქართველი ხალხის ეს ნება სისრულეში მოიყვანოს და განახორციელოს.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპული ოჯახისკენ. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რომელიც არის ნამდვილად უნიკალური თავის შინაარსით", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობთ, ამ ინსტრუმენტს ეფექტურად გამოიყენებს.

„პარლამენტში პორტალი არის ძალიან საიმედო ხელში. თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით იქნება უზრუნველყოფილი ის, რომ პარლამენტი ძალიან ეფექტურად გამოიყენებს დარწმუნებული ვარ ამ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ ჩვენ თვალი მივადევნოთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას. და კიდევ ერთხელ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, პრინციპული მნიშვნელობა ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის და საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი სწრაფვა ევროპული ოჯახისკენ და ჩვენ გვაქვს დიდი იმედი და დარწმუნებული ვართ რომ ჩვენი ოცნება, ქართველი ხალხის ოცნება აუცილებლად ახდება და ჩვენ მალე გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამსწრეებს მიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

„ევროპასთან ინტეგრაცია, ევროპული ინტეგრაცია, ევროპისკენ სვლა ჩვენი ქვეყნის, არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი და ეს არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. ეს არაერთხელ მითქვამს. ეს არის პრიორიტეტი, რომელიც გულისხმობს ძალიან დიდ შრომას, ძალიან ბევრ სამუშაოს ქვეყნის შიგნით და ძალიან ბევრი ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებას ქვეყანაში. ამ ყველაფრის ჩარჩო არის ასოცირების შეთანხმება, რომელიც, მე ვფიქრობ, რომ არის ჩვენი ქვეყნის უკეთეს ქვეყნად ქცევის გეგმა, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ, რაზეც ჩვენ აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა",- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ვებპორტალი უნიკალური ინსტრუმენტია იმისთვის, რომ საქართველოს უკეთეს ქვეყნად ქცევის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რომ პორტალი მხოლოდ პარლამენტს არ ეკუთვნის და ის მთელი საზოგადოების საკუთრებაშია.

„კარგია, რომ ეს არ არის მხოლოდ პარლამენტისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი, ეს არის საზოგადოებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი, რომელიც მედიის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მეშვეობით, ყველას დაეხმარება, რომ ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს",- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ვებპორტალის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება ბევრ სფეროს არეგულირებს, ხოლო პორტალი, თემატურად, ყველა მიმართულებისთვის თვალის დევნებისა და კონტროლის საშუალებას იძლევა.

თამარ ხულორდავას განცხადებით, ვებპორტალის მართვაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი იღებს პასუხისმგებლობას და როგორც საპარლამენტო კომიტეტების ჩართულობას, ასევე, მუდმივ განახლებას უზრუნველყოფს.

„ძალიან სასიხარულოა ეს ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.ეს ჩვენი მხრიდან არის აღქმული სერიოზულ პასუხისმგებლობად. პარლამენტი აიღებს საერთო მართვაში ამ მნიშვნელოვან პორტალს და ყველა ინსტრუმენტი გამოსადეგი და კარგია იმდენად, რამდენადაც ის ემსახურება მიზანს და მიზანს რომ მოემსახუროს ამისათვის ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს.

ძალიან ბევრი შრომა იქნება დაკავშირებული იმასთან, რომ ეს დოკუმენტი იყოს მუდმივად განახლებული და შეიცავდეს ახალ ინფორმაციას. საწყის ეტაპზეც და მერეც, იმედია ჩვენ ამას ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოფთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი.

რაც შეეხება პარლამენტის მხრიდან, რა თქმა უნდა ჩვენი კომიტეტი იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, მაგრამ ყველა სექტორული კომიტეტის ჩართულობა ამ პროცესში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და უზრუნველყოფს იმას, რომ პორტალი იყოს მუდმივად განახლებული და იყოს უახლესი ინფორმაციის შემცველი და მოემსახუროს იმ მიზანს, რასაც ჰქვია ასოცირების შეთანხმების განხორციელების რეალური მონიტორინგი.

კიდევ ერთხელ მადლობა ყველა თქვენგანს და მე იმედი მაქვს რომ ეს იქნება მისამართი, რომელსაც ჩვენ ხშირად ავკრიბავთ ჩვენს პერსონალურ კომპიუტერებზე, რომ გავაკონტროლოთ თუ რა ხება ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით",- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო თანამშრომლობის, დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, მარია ლიგორმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღევანდელი ღონისძიება მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობისა და ორმხრივი თანამშრომლობის დემონსტრირებაა საქართველოსა და რუმინეთს შორის. „ეს არის ძალიან კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად პარტნიორებთან ჩვენი გამოცდილების, ევროკავშირის წევრობისკენ ჩვენ მიერ განვლილი გზის გამოცდილების და გაკვეთილების გაზიარების მხრივ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რაც ჩვენს ქვეყანებს შორისაა 25 წლის მანძილზე, მოველით თქვენთან შემდგომ თანამშრომლობას და გვაქვს ბევრი ინტერესის სფერო, სადაც შეგვიძლია სტრატეგიული პარტნიორობა განვავითაროთ. დღევანდელი პროექტი არის ნაყოფიერი თანამშრომლობის დემონსტრირება ორ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის", - განაცხადა მარია ლიგორმა.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კარლო ნატალემ. „ასოცირების ხელეკრულება ერთდროულად ამბიციური და რთული, საერთო გეგმაა. გეგმაა ერთობლივად მუშაობისთვის ბევრი მიმართულებით: პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური თანამშრომლობა, მართლმსაჯულების სისტემა, ფინანსური მხარდაჭერა, ინსტიტუციური რეფორმა და თანამშრომლობის სხვა სფეროები. მიზნების მიღმა არის ბევრი ყოველდღიური სამუშაო. ჩვენი მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ფართოდ შევძლებთ რეალური შედეგების მიღწევას და ამ შედეგების მოქალაქეებამდე მიტანას. ამიტომაც, ეს პროექტი არის დროული და რელევანტური. ეს თანამედროვე ინსტრუმენტები რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს გამოყენებული უკეთესი კოორდინაციისთვის,გამჭვირვალობისთვის და ეფექტური კომუნიკაციისთვის", - განაცხადა კარლო ნატალემ.

დღესვე, საქართველოს პარლამენტსა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს შორის" მემორანდუმი გაფორმდა.

ვებპორტალი www.aa.ge საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას შეეხება და იგი ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამამ რუმინულ ორგანიზაცია „რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრთან" თანამშრომლობით მოამზადა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია რუმინეთის მთავრობა.